„ფიქრი ფერით“ – ედმონდ კალანდაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება
7 ივლისს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული გალერეა ედმონდ კალანდაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას – „ფიქრი ფერით“ უმასპინძლებს.
გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეის, „ვანდა“ გალერეისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართება.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, მზადდება ედმონდ კალანდაძის საიუბილეო კატალოგი, რომლის წარდგენაც შემოდგომაზე გაიმართება.
„გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 70-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებიდან, მხატვრის ოჯახისა და კერძო კოლექციებიდან.
ედმონდ კალანდაძემ გადამწყვეტი როლი ითამაშა 1950-იანი წლების ბოლოს, „დათბობის“ პერიოდში, ქართული ხელოვნების ახალი ეტაპის შექმნაში.
ის მხატვართა გამორჩეული თაობის წარმომადგენელი იყო; თაობისა, რომელიც მზად იყო, მოეხდინა გადატრიალება ქართულ ფერწერაში. ედმონდ კალანდაძემ თავის თანამოაზრეებთან ერთად ცხადი გახადა ყოფიერების აღქმისა და მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების განახლების აუცილებლობა. მან შეითვისა, თავისი მსოფლმხედველობის პრიზმაში გაატარა კლასიკური თუ თანამედროვე ფერწერის მთავარი მიღწევები და შექმნა საკუთარი უნიკალური სტილი, განსაკუთრებული სამყარო, რომელიც, პირველ რიგში, ფერთან ასოცირდება. ფერი იყო მისი სამეტყველო ენა, ძიებისა და ემოციების გამოსახვის საშუალება.
ედმონდ კალანდაძის მზერა თითქოს განსაკუთრებულ კრისტალში გადატყდებოდა და, ამგვარად, რეალობას ისე ხედავდა, როგორც არავინ სხვა; შემოქმედის ეს ხედვა დღესაც მომნუსხველია. ნამუშევრების კოლორიტი და ფერის გამომსახველობითი ძალა ქმნის მის ტილოებს, გამოხატავს ხელოვანის იდეებსა და გრძნობებს, აღძრავს მნახველში ძლიერ ემოციებს და საშუალებას აძლევს, სამყარო ახლებურად დაინახოს.
ედმონდ კალანდაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა შთამბეჭდავად მრავალფეროვანია, მან შექმნა ათასობით ნახატი, პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი.
კალანდაძის ჟღერადი და ნათელი ხელოვნება არის სიყვარულის ჰიმნი საკუთარი სამშობლოსადმი, ერთ-ერთი ბრწყინვალე გვერდი საქართველოს ხელოვნების ისტორიაში.
გამოფენა „ფიქრი ფერით“ ეძღვნება ედმონდ კალანდაძის დაბადებიდან 100 წლისთავს და წარმოადგენს მისი შემოქმედების რეტროსპექტივას. ვფიქრობთ, რომ ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილი იქნება მის ცნობილ ტილოებთან ერთად ის ნამუშევრები, რომლებსაც პირველად იხილავს ფართო საზოგადოება, შექმნის საუკეთესო შესაძლებლობას ედმონდ კალანდაძის ხელოვნების თაყვანისმცემლებისა და ახალგაზრდებისთვის, ეზიარონ ამ გამორჩეული ფერმწერის უნიკალურ ხელოვნებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოფენა 5 აგვისტომდე გაგრძელდება.