ილოვაისკთან ჩასაფრებულმა რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელები ჩაცხრილეს

დონეცკის ოლქის ილოვაისკში უკრაინელ სამხედროებზე 4- ჯერ მეტი რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა. ამის შესახებ გენერალ-ლეიტენანტმა რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომელიც ილოვაისკში ალყაში 31 აგვისტომდე იყო, – წერს უკრაინული მედია.
„ის, რაც ჩემი თვალით დავინახე, შემიძლია ვთქვა, რომ მათი ჯარისკაცების რაოდენობა მინიმუმ 4 -ჯერ აღემატებოდა უკრაინელი სამხედროების რაოდენობას“, – განაცხადა ხომჩაკმა.
გენერალ-ლეიტენანტის თქმით, 27 აგვისტოს ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებმა რუს სამხედროებთან მოლაპარაკებები გამართეს. უკრაინულ მხარეს რუსი ტყვეები და ერთი დაჭრილი ჰყავდა, რომელსაც ისინი დაეხმარნენ.
„რუსებმა გვითხრეს: გადმოგვეცით ტყვეები და დაჭრილები, ჩვენ კი დაგეხმარებით 18-20 კილომეტრიანი დერეფნის გავლაში, იმისთვის, რომ თქვენ თქვენი ჯარების გაყვანა დანაკარგის გარეშე შეძლოთ“.
როგორც ხომჩაკი აცხადებს, სამხედროები შეთანხმდნენ დროზე, მარშრუტებზე და იმაზე, რომ მათ რუსები გააცილებდნენ ტერორისტებთან კონფლიქტების გარეშე. რუსმა სამხედროებმა პირობა მისცეს, რომლის მიხედვით, ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებს საკუთარი იარაღი და სამხედრო ტექნიკა უნდა დაეტოვებინათ და წასულიყვნენ სხვა მარშრუტით, ორის მაგივრად ერთი კოლონით. ანტიტერორისული ოპერაციის ხელმძღვანელობამ პირველი შეთანხმების თანახმად მიიღო გადაწყვეტილება, ალყიდან გამოსულიყო.
„ჩვენ ველოდით, რომ დაიწყებოდა ბრძოლა, თუმცა, ერთადერთი, რასაც არ ველოდით, ის იყო, რომ რუსები მზაკვრულად ჩასაფრდებოდნენ და უბრალოდ დაცხრილავდნენ უკრაინელ სამხედროებს“, – განაცხადა გენერალმა.
შეგახსენებთ, რომ ილოვაისკთან 100-მდე ჯარისკაცი დაიღუპა. 680 დატყვევებულიდან კი უმეტესობა ასევე ილოვაისკთან აიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები