კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ოპერის ღვაწლმოსილი მომღერლის, თენგიზ მუშკუდიანის, გარდაცვალების გამო

.ოპერის ღვაწლმოსილი მომღერალი, კონსერვატორიის პროფესორი, თენგიზ მუშკუდიანი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„თენგიზ მუშკუდიანი 1954 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი და ასრულებდა ბანის პარტიებს, რომელთაგან აღსანიშნავია: ბორისი, პიმენი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), მეფისტოფელი (გუნოს „ფაუსტი“), მეწისქვილე (დარგომიჟსკის „ალი“), დონ ბაზილიო (როსინის „სევილიელი დალაქი“), გალიცკი (ბოროდინის „თავადი იგორი“), ცანგალა, ენგიჩარი (ფალიაშვილის „დაისი“, „ლატავრა“), ხევისბერი (თაქთაქიშვილის „მინდია“), შერგილი (ლაღიძის „ლელა“), მეფე გიორგი (ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), დონ ჯოვანი (მოცარტის „დონ ჯოვანი“);
სრული დიაპაზონის ლამაზი და სასიამოვნო ტემბრის ბანმა, მუსიკალობამ, არტისტულმა გარეგნობამ თენგიზ მუშკუდიანს ნამდვილი აღიარება მოუტანა.
იგი გადაღებულია კინოფილმებში: „აბეზარა“ და „დიდოსტატის მარჯვენა“. პედაგოგად მუშაობდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში, რომლის დირექტორიც იყო 1985–2005 წლებში; ასევე გახლდათ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს თენგიზ მუშკუდიანის ხსოვნას, უსამძიმრებს მის ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები