“ომის შესაჩერებლად უკრაინას, სავარაუდოდ, რუსეთისთვის საკუთარი ტერიტორიის ნაწილის დათმობა მოუწევს” – ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი წარუმატებელი გადატრიალების გამო “ცოტათი დასუსტებულია” და დროა, შეერთებულმა შტატებმა სცადოს სამშვიდობო მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის.

ამის შესახებ მან Reuters-თან სატელეფონო ინტერვიუში თქვა.

”მე მინდა, რომ ხალხი აღარ კვდებოდეს ამ უაზრო ომში”, – თქვა პოლიტიკოსმა.

ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ კიევის ხელისუფლებას მოუწიოს, ომის შესაჩერებლად, რუსეთისთვის საკუთარი ტერიტორიის ნაწილის დათმობა.

ტრამპმა ამბობს, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ყველაფერი მოლაპარაკებებზე იქნებოდა დამოკიდებული და რომ უკრაინელები, რომლებიც თავდაუზოგავად იცავენ თავიანთ მიწას, „დიდ ქებას და პატივისცემას იმსახურებენ“.

„ვფიქრობ, მათ აქვთ უფლება, შეინარჩუნონ დაბრუნებული ტერიტორიის დიდი ნაწილი და ვფიქრობ, რომ ამას რუსეთიც დათანხმდება. საჭიროა კარგი შუამავალი ან მომლაპარაკებელი, რომელიც ახლა არ გვყავს. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა შეერთებულმა შტატებმა უნდა გააკეთოს, არის ორივე მხარის ერთად შეკრება და რუსეთისა და უკრაინის შერიგება. ამის გაკეთება შეიძლება, ახლა ამის დროა, შევკრიბოთ მხარეები და დავამყაროთ მშვიდობა“, – თქვა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები