ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ვატიკანსა და რომში შეხვედრები გამართეს
ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ვატიკანსა და რომში. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და რომის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა. ასევე დაიგეგმა მემორანდუმის გაფორმება ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკასთან.
„გაიმართა სამუშაო შეხვედრა ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკისა და არქივის ხელმძღვანელებთან, წმინდა საყდრის ბიბლიოთეკარსა და არქივარიუსთან, არქიეპისკოპოს ანჯელო ვინჩენცო ძანისთან, სამოციქულო ბიბლიოთეკის პრეფექტთან, დონ მაურო მანტოვანისთან და სამოციქულო ბიბლიოთეკის პრეფექტის მოადგილესთან ტიმოთი იანცთან.
შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები (ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი გამოფენები და სამეცნიერო კვლევები). შევთავაზეთ, შეიქმნას ერთობლივი კატალოგი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ვატიკანსა და საქართველოში დაცული დოკუმენტები, მათი სისტემატიზაცია მეცნიერებს კვლევას გაუადვილებს. ასევე, საუბარი შეეხო თანამშრომლობის სხვა ასპექტებსაც და გადაწყდა მემორანდუმის გაფორმება. მადლობას ვუხდით საქართველოს ელჩს ვატიკანში, ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელს და საელჩოს თანამშრომლებს შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.
ვიზიტის მსვლელობისას გაიმართა შეხვედრები რომში. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და რომის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომელიც თანამშრომლობის მრავალ ასპექტს მოიცავს.
დაიგეგმა და უმოკლეს დროში რომის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნება, რათა მსოფლიო საზოგადოებამ მეტი შეიტყოს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ. მოეწყობა სპეციალური გამოფენები რომში და თბილისში. ასევე გამოიცემა სპეციალური კატალოგი, რომელშიც აღირიცხება საქართველოს შესახებ დოკუმენტები, რომლებიც დაცულია რომის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. გავეცანით რომის ეროვნული ბიბლიოთეკის მუშაობის სტრუქტურას. მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელია დაიგეგმოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. შეთანხმება მივაღწიეთ იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე სურგულაძის აქტიური მონაწილეობით. იტალიაში ჩვენს ვიზიტს წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის ვიზიტი იტალიაში, რომლის დროსაც დაიგეგმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და რომის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის დაწყება. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის იტალიაში საქართველოს საელჩოს ვიზიტის ორგანიზებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი.