დღეს ევგენი მიქელაძის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა
დღეს გამოჩენილი ქართველი დირიჟორის, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის დამაარსებლის, ევგენი მიქელაძის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა.
„ევგენი მიქელაძემ 1928 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო-თეორიული განყოფილებიდან სწავლა პეტერბურგის კონსერვატორიაში, სადირიჟორო კლასში განაგრძო. 1931 წელს, პეტერბურგის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, იგი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიწვიეს. 1933 წლიდან ამავე თეატრის მთავარი დირიჟორი იყო, 1937 წლიდან კი – სამხატვრო ხელმძღვანელი.
ევგენი მიქელაძის მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო საშემსრულებლო მანერის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
სწორედ ევგენი მიქელაძის სახელს უკავშირდება დამოუკიდებელი სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის შექმნა. 1933 წელს, მისი ინიციატივითა და ძალისხმევით, ორკესტრს ოფიციალურად ეწოდა „საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი“.
დირიჟორის ხანმოკლე შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში ოპერის თეატრში დაიდგა 20-მდე სპექტაკლი, მათ შორის: ვერდის „აიდა“, „ტრუბადური“, „ოტელო“, პუჩინის „ტოსკა“, სენ–სანსის „სამსონი და დალილა“, მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“.
ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ორკესტრი ძალიან სწრაფად გახდა ერთ–ერთი საუკეთესო. მან საქართველოში პირველად ააჟღერა კლასიკური სიმფონიური რეპერტუარის მნიშვნელოვანი ნაწარმოებები. ევგენი მიქელაძემ მოიპოვა დიდი ავტორიტეტი და მსოფლიოს გამოჩენილი მუსიკოსების მაღალი შეფასება. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული სადირიჟორო ხელოვნების განვითარებაში.
ევგენი მიქელაძის წყალობით საქართველოში სიმფონიური მუსიკის პოპულარობამ არნახულ მასშტაბს მიაღწია. მისი ხელმძღვანელობით გამართულმა საკონცერტო სეზონებმა საგასტროლოდ მოიზიდა ევროპაში სახელგანთქმული მუსიკოსები: დირიჟორები ფრიც შტიდრი, ოსკარ ფრიდი, გუსტავ ბრეხერი; კომპოზიტორი და პიანისტი სერგეი პროკოფიევი; პიანისტები ეგონ პეტრი, იაკობ ფლიერი; მევიოლინე დავიდ ოისტრახი.
დირიჟორის მოღვაწეობამ ძლიერი ბიძგი მისცა ეროვნული სიმფონიური მუსიკის განვითარებასაც. მის რეპერტუარში იყო როგორც მსოფლიოს კლასიკური მუსიკის შედევრები, ასევე ქართული პროფესიული მუსიკალური ნაწარმოებები. 1936 წელს მისი ხელმძღვანელობით დაიდგა პირველი ქართული ბალეტი – ანდრია ბალანჩივაძის „მზეჭაბუკი“.
დირიჟორის მოღვაწეობამ ძლიერი ბიძგი მისცა ეროვნული სიმფონიური მუსიკის განვითარებასაც. მის რეპერტუარში იყო როგორც მსოფლიოს კლასიკური მუსიკის შედევრები, ასევე ქართული პროფესიული მუსიკალური ნაწარმოებები. 1936 წელს მისი ხელმძღვანელობით დაიდგა პირველი ქართული ბალეტი – ანდრია ბალანჩივაძის „მზეჭაბუკი“.
საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს 1994 წელს ევგენი მიქელაძის სახელი მიენიჭა.
დიდი ქართველი დირიჟორი ევგენი მიქელაძე 1937 წელს, 34 წლის ასაკში საბჭოთა კავშირში განხორციელებული სასტიკი რეპრესიების მსხვერპლი გახდა სხვა მრავალ ქართველ მამულიშვილთან ერთად.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უდიდეს პატივს მიაგებს ქართული მუსიკალური ხელოვნების ამ გამორჩეული წარმომადგენლის ღვაწლსა და ხსოვნას“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.