„გრანდიოზული და უპრეცედენტო ამბავი დავიწყეთ“ – მირიან ხოსიტაშვილი

მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრის შესახებ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი – ვატიკანსა და საქართველოში დაცული დოკუმენტების ერთობლივი კატალოგი შეიქმნება, მოხდება მათი სისტემატიზაცია, რაც გაუადვილებს მეცნიერებს კვლევას.
„გრანდიოზული და უპრეცედენტო ამბავი დავიწყეთ.
26 ივნისს გაიმართა სამუშაო შეხვედრა ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკისა და არქივის ხელმძღვანელებთან, წმინდა საყდრის ბიბლიოთეკარსა და არქივარიუსთან, არქიეპისკოპოს ანჯელო ვინჩენცო ძანისთან, სამოციქულო ბიბლიოთეკის პრეფექტთან, დონ მაურო მანტოვანისთან და სამოციქულო ბიბლიოთეკის პრეფექტის მოადგილესთან, ტიმოთი იანცთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები (ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი გამოფენები და სამეცნიერო კვლევები).
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა დააყენა საკითხი, შეიქმნას ერთობლივი კატალოგი, სადაც წარმოდგენილი იქნება ვატიკანსა და საქართველოში დაცული დოკუმენტები, მოხდება მათი სისტემატიზაცია, რაც გაუადვილებს მეცნიერებს კვლევას. ასევე, საუბარი შეეხო თანამშრომლობის მრავალ ასპექტს და გადაწყდა მემორანდუმის გაფორმება.
აღნიშნულ შეხვედრას წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ შალვა პაპუაშვილის და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონ გივი მიქანაძის ვიზიტი ვატიკანში, სადაც პირველად დაიგეგმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ვატიკანის ბიბლიოთეკისა და არქივის თანამშრომლობის დაწყება. ამ ტიპის თანამშრომლობა დღემდე უპრეცედენტოა და სამომავლოდ ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის საქართველოს ელჩს ვატიკანში ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელს და საელჩოს თანამშრომლებს შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის“, – წერს მირიან ხოსიტაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები