ФСБ „ვაგნერის“ მებრძოლებს მოუწოდებს, არ დაემორჩილონ პრიგოჟინის ბრძანებებს და მიიღონ ზომები მის დასაკავებლად
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლებს მოუწოდა, არ დაემორჩილონ მათი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ბრძანებებს და მიიღონ ზომები მის დასაკავებლად.
„მოვუწოდებთ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებს, არ დაუშვან გამოუსწორებელი შეცდომები, შეწყვიტონ ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება რუსი ხალხის წინააღმდეგ, არ შეასრულონ პრიგოჟინის დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი ბრძანებები და მიიღონ ზომები მის დასაკავებლად.
პრიგოჟინის განცხადებები და ქმედებები, ფაქტობრივად, არის რუსეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული სამოქალაქო კონფლიქტის დაწყების მოწოდება და ზურგში დანის ჩარტყმა რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც იბრძვიან პროფაშისტი უკრაინული ძალების წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსულ არმიას „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის უწყებაში პრიგოჟინის ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას.