იული სტრაუმეს ესკიზები – ხელოვნების სასახლეში გამოფენა გაიხსნება
26 ივნისს, 16:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში გაიხსნება, იული სტრაუმეს მიერ შექმნილი 30-მდე ესკიზისა და ჩანახატის გამოფენა.
როგორც ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 1907 წელს, კავკასიის კუსტარული კომიტეტის მოწვევით, საქართველოში ჩამოდის წარმოშობით ლატვიელი, იული სტრაუმე, ცნობილი შტიგლიცის ხელოვნების სკოლის კურსდამთავრებული და იწყებს მუშაობას, როგორც მოწვეული მხატვარი.
„სტრაუმესთან ერთად კ.კ.კ.-ში სხვა მხატვრებიც მოღვაწეობდნენ. ისინი კომიტეტთან არსებულ სამხატვრო-ექსპერიმენტული სახელოსნოებისათვის ქმნიდნენ ესკიზებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ექსპედიციებში მოპოვებული ნიმუშების მიხედვით. ეს ხელს უწყობდა ქართულ ეროვნულ კულტურაში ძველი ტრადიციების შენარჩუნებასა და ხელოვნების ნიმუშების პოპულარიზაციას.
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მთელ მსოფლიოში იზრდება მხატვრებისა და დიზაინერების როლი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ყველა დარგში. ამას ხელი შეუწყო ხელოვნების სფეროში ცნობილი მიმდინარეობის „ხელოვნება და ხელოსნობა” – “Arts and Crafts” ჩამოყალიბებამ XIX ს-ის დასასრულს ინგლისში. ამ ცვლილებებს ვერც რუსეთის იმპერიამ აუქცია გვერდი. სანქტ-პეტერბურგში ფუნქციონირებას იწყებს ბარონ შტიგლიცის ხელოვნების სკოლა, სადაც შემდგომში ცნობილმა არაერთმა დიზაინერმა მიიღო განათლება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.