ეროვნულ გალერეაში ავთო მოსიაშვილის გამოფენა გაიხსნა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მხატვარ ავთო მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი დაესწრო.
„ავთო მოსიაშვილის პერსონალურ გამოფენაზე მუშაობა მხატვართან ერთად 2022 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მხატვარს ეწვია და მისი ნამუშევრები დაათვალიერა. სამწუხაროდ, ხელოვანი გამოფენის გახსნას ვერ მოესწრო.
ავთო მოსიაშვილის მკვეთრად ინდივიდუალური ხედვა და პროფესიონალიზმი შემოქმედების ადრეულ ეტაპზევე გამოვლინდა შემოქმედის აბსტრაქციებში. მის უმეტეს ნამუშევრებში ფორმა რეალური სამყაროსგან სრულად გათავისუფლებულია. ავთო მოსიაშვილის კომპოზიციები ხაზისა და ფერის ჰარმონიული შერწყმით სივრცესა და მის უსასრულობას ასახავს.
მხატვარს მოღვაწეობის მანძილზე არაერთი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენა აქვს გამართული. საქართველოს ეროვნულ გალერეაში 2004 წელს მოეწყო მისი პერსონალური ექსპოზიცია. ასევე, ავთო მოსიაშვილის ნამუშევრები გამოიფინა შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი, ნორვეგია, პოლონეთი, იტალია, ინგლისი და სხვა. შემოქმედის ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, რუსეთის ტრეტიაკოვის გალერეასა და აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში.
ავთო მოსიაშვილი ტოკიოში მხატვართა საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა (1986 წელი); მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება (1990 წელი); საქართველოს მხატვართა კავშირის წარდგინებით გადაეცა „ღირსების ორდენი“ (2018 წელი); ასევე, მიღებული აქვს დავით კაკაბაძის სახელობის პრემიაც (2019 წელი).
2021 წელს, 30-წლიანი წყვეტის შემდეგ, საქართველოს კულტურის სამინისტრომ პროექტის – „ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება” – ფარგლებში სამუზეუმო ფონდების შევსება დაიწყო და შეიძინა ქართველი მხატვრების, მათ შორის – ავთო მოსიაშვილის ნამუშევრები, რომლებიც ამჟამად შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ინახება“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავთო მოსიაშვილის გამოფენა ეროვნულ გალერეაში 2 ივლისამდე იქნება წარმოდგენილი.