საქართველოს პროკურატურამ ტურისტების მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 8 პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კლუბ ,,ნაის ქლაბის” მფლობელებმა რ.მ.-მ და გ.ც.-მ, ამავე კლუბის სამ თანამშრომელთან ერთად, ტურისტების კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფი შექმნეს.
შემუშავებული გეგმის მიხედვით, ბრალდებულები შეუთანხმდნენ კერძო ტაქსის რამოდენიმე მძღოლს, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები კლუბ ,,ნაის ქლაბში” სპეციალურად მიჰყავდათ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ტურისტებს არწმუნებდნენ, რომ მოუწევდათ მხოლოდ შესვლის საფასურის გადახდა და მათ უფასო სასმელით გაუმასპინძლდებოდნენ.
ანგარიშსწორებისას, ტურისტებს ბრალდებულები სთხოვდნენ გადაეხადათ მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასური, უარის შემთხვევაში კი, მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ზემოხსენებული ხერხით არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულად თანხას, მათ შორის – ისრაელის, იორდანიის და რუსეთის 7 მოქალაქის კუთვნილ 1 600 ლარსა და 2 350 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებისთვის, მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.