ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ჩამოყალიბდება მინისტრების მოადგილეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში მოამზადებს კონკრეტულ პაკეტს დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე დემოგრაფიული განვითარების ძირითადი მიზნები განიხილეს. საბჭოს წევრებმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არსებულ საუკეთესო და რელევანტურ პრაქტიკასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე იმსჯელეს.

ამასთან, განიხილეს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი ღონისძიებები, რეკომენდაციები და ინიციატივები. იმსჯელეს ჯანდაცვის, სოციალური სფეროს, დასაქმების ხელშეწყობის, განსახლებისა და მიგრაციის მიმართულებებით არსებულ ინიციატივებზე.

„ჩამოყალიბდება მინისტრების მოადგილეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში მოამზადებს კონკრეტულ პაკეტს რაც იქნება ყველაზე მეტად მისაღები საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, იქნება ოჯახის გაძლიერების პოლიტიკაზე ორიენტირებული და ჩამოაყალიბებს იმ კონკრეტულ რეკომენდაციებს, რაც შემდეგ აისახება პროგრამებში იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ სხვადასხვა მიმართულებით დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ სხდომის დასრულების შემდეგ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები