ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელები ლატვიაში იმყოფებოდნენ

საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობა სამუშაო ვიზიტით ლატვიაში იმყოფებოდა. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ეროვნული გვარდიის უფროსს, ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძესა და შტაბის უფროსს, პოლკოვნიკ ტელმან მესხიძეს ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ლეონიდს კალინინსმა უმასპინძლა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ხელი მოეწერა ორი ქვეყნის გვარდიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გვარდიის დელეგაციის წევრებმა, ლატვიელ კოლეგასთან ერთად, ლეიპაიაში, ოგრესა და კულდიგაში ლატვიის ეროვნული გვარდიის რეგიონალური ქვედანაყოფები მოინახულეს და მათ სტრუქტურას, საწვრთნელ ვითარებას, ასევე რეზერვისტ-მოხალისეების საბრძოლო მომზადების პროცესს გაეცნენ.
ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა ასევე ლატვიის თავდაცვის მინისტრ რაიმონდ ვეიონისთან, შეიარაღებული ძალების უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ რაიმონდს გრაუბესთან და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთან. სამუშაო ვიზიტის დასასრულს, საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა, უცხოელ კოლეგებთან ერთად, ლატვიის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს “თავისუფლების მონუმენტს” პატივი მიაგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები