ნესტან აბდუშელიშვილის და დავით სულაქველიძის მიმდინარე გამოფენების ფარგლებში, ფოტოგრაფიის შესახებ შეხვედრები გაიმართება

20 და 24 ივნისს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, გურამ წიბახაშვილის და მირიამ გრიგალაშვილის შეხვედრებს ფოტოგრაფიის შესახებ უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრები ნესტან აბდუშელიშვილის და დავით სულაქველიძის მიმდინარე გამოფენების ფარგლებში გაიმართება.

20 ივნისი, 19:00 საათი – შეხვედრა კურატორ მირიამ გრიგალაშვილთან.
შეხვედრის თემა: „როგორ შევქმნათ ფოტოისტორიები და გავიტანოთ საკუთარი ნამუშევრები საერთაშორისო ასპარეზზე“.
შეხვედრის მანძილზე განხილული იქნება ფოტოპროექტებზე მუშაობის ეტაპები – როგორ იქცევა იდეა ფოტოისტორიად, როგორ ხდება გადაღებისთვის მომზადება, რა უნდა გაითვალისწინოს ფოტოგრაფმა გადაღებებისას და რა ხდება გადაღების დასრულების შემდეგ – ფოტოების შერჩევისა და ე.წ. სიქუენსის შექმნის მეთოდები.
გარდა შემოქმედებითი მუშაობისა, თანამედროვე ფოტოგრაფიულ სამყაროში, ავტორს საკუთარი ნამუშევრების საერთაშორისო ასპარეზზე გატანის ვალდებულებაც ეკისრება. სწორედ ამიტომ, დრო დაეთმობა იმ შესაძლებლობების განხილვას, რაც ფოტოგრაფებს თავიანთი პროექტების პოპულარიზებისთვის აქვთ, ასევე, სხვადასხვა ტიპის ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს.

24 ივნისი, 17:00 საათი –  შეხვედრა ფოტოგრამ გურამ წიბახაშვილთან.
შეხვედრის თემა: დავით სულაქველიძის შემოქმედება – „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები“.
Შეხვედრაზე, ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი განიხილავს დავით სულაქველიძის შემოქმედებას.
ფოტოები გვიყვება, როგორ იშლებოდა საბჭოთა კავშირი, რა ხდებოდა ეპოქის დასასრულს საქართველოში. დავით სულაქველიძე ამ პროცესის უშუალო მონაწილე იყო და ფოტოფირზე აფიქსირებდა მის გარშემო მიმდინარე ყოველდღიურობას. დღეისთვის კი წარმოდგენილი ფოტოები არის საქართველოს უახლესი ისტორიის თხრობა და, ამავე დროს, არის ერთი ადამიანის ცხოვრების თანამდევი მოვლენებისთვის თვალის გადევნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები