მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია ბევრი დილემის წინაშე დგას – მათი მიზანია, არჩევნებისთვის რაღაცნაირად ამომრჩეველს თავი მოუყარონ
“ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციამ საკმაოდ მძიმე და ბევრი შეცდომა დაუშვა, ახლა კი ბევრი დილემის წინაშე დგას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის პრობლემა არასწორად აგებული სტრატეგიაა.
„ამის გათვალისწინებით, მათი მიზანია, არჩევნებისთვის რაღაცნაირად ამომრჩეველს თავი მოუყარონ. დილემის ერთი მხარეა მათი გამსხვილება, მეორე ტოქსიკურობის დიდი ხარისხი, რაც ბევრ პარტიას აქვს და ამომრჩევლის მოძიების დამაბრკოლებელი ფაქტორი შეიძლება იყოს. „ნაცმოძრაობის“ ელექტორატის გაზიარება მცირე პარტიებისთვის შეიძლება, კარგი გამოსავალი იყოს, მაგრამ კარგად ხვდებიან, რომ ეს შეიძლება, მათი ელექტორატისთვის წინაღობა აღმოჩნდეს მხარდაჭერის გაგრძელებისთვის, რადგან არიან ადამიანები, ვისთვისაც შეიძლება, ოპოზიციური აზრი საინტერესოა, მაგრამ მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში აღმოჩენა. არ მგონია, რომ ოპოზიციური აზრი სწორი მიმართულებით ვითარდებოდეს, როცა ისევ პრიმიტიულ კონფიგურაციაზე ფიქრით არიან დაკავებული და ძალისხმევას ამაზე მიმართავენ. მათი პრობლემაა არასწორად აგებული სტრატეგია, რომელიც საზოგადოების მცდარი ნარატივების შეთავაზებაში ვლინდება. მცდარი ნარატივია ის, რომ ხელი შეუშალონ ქვეყნის ევროინტეგრაციას და 12 რეკომენდაციის შესრულებას“,- განაცხადა სარჯველაძემ.