2013 წელს, „112“-ის ოპერატორებმა 8 401 512 ზარს უპასუხეს

   პროფესიული დღე შს მინისტრმა „112“-ის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს მიულოცა. ალექსანდრე ჭიკაიძემ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების და „112“-ის ეფექტურ მუშაობაში წვლილის შეტანისთვის ცენტრის 5 თანამშრომელს მადლობის სიგელი გადასცა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროდან მიაწოდეს. როგორც დღეს გამართულ ღონისძიებაზზე გახდა ცნობილი, 2013 წლის განმავლობაში საქართველოს „112“-ის ოპერატორებმა 8 401 512 ზარს უპასუხეს. „112-“ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა შს მინისტრს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცენტრში განხორციელებული ცვლილებები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
ღონისძიებას ასევე სხვადასხვა ასაკობრივი სეგმენტის „112“-ის მომხმარებლები დაესწრნენ. საჩუქრები „112“-თან დაკავშირებული ისტორიების და ფოტოკონკურსში გამარჯვებულმა მოქალაქეებმაც მიიღეს. კონკურსის ფარგლებში შერჩეული საუკეთესო ფოტოები ცენტრში გამოიფინება. ღონისძიებაზე მომხმარებლებს ოპერატორების მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იცოდენენ, რა სირთულეებს აწყდებიან ოპერატორები და რაოდენ სტრესულია მათი საქმიანობა. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე მოქალაქეების ზარებს პასუხობს.
„112“-ზე ზარის განხორციელება უფასოა და დარეკვა შესაძლებელია საქართველოში მოქმედი ყველა ფიქსირებული თუ მობილური სატელეფონო ქსელიდან მაშინაც კი, თუ ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული ან მობილურ ტელეფონში არ დევს სიმ ბარათი. შსს-ს სსიპ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი საქართველოში უკვე 2 წელია ფუნქციონირებს. „112„-ის მომსახურებით ევროპის ქვეყნები 1991 წლიდან სარგებლობენ. ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, 11 თებერვალი „112„-ის დღედ 2009 წელს გამოცხადდა. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის იუბილე საქართველოშიც აღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები