პარლამენტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონში  ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 77 ხმით მხარი დაუჭირა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ბაია კვიციანის განმარტებით, ცვლილებათა პაკეტი მომზადდა „საქპატენტის”, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.

„კანონპროექტი შედგენილია ევროდირექტივის მიხედვით, ევროკავშირში არსებული კოლექტიური მართვის სისტემასთან ჰარმონიზების მიზნით, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასოცირების ხელშეკრულებასთან ჰარმონიზების ჭრილში”, – განაცხადა ბაია კვიციანმა.

მისივე თქმით,  მოქმედი კანონმდებლობა კოლექტიური მართვის სფეროში სრულად ვერ პასუხობს დარგში არსებულ გამოწვევებს. ასევე, მასში არსებული ბუნდოვანება ქმნიდა ინტერპრეტაციის საშუალებას, რამაც სფეროში მთელი რიგი პრობლემები წარმოშვა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ცვლილებების განხორციელების საჭიროება.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტი შემუშავდა სამ პრინციპზე დაყრდნობით ეს არის: გამჭვირვალობა, კარგი მმართველობა და ანგარიშვალდებულება.

 „კანონპროექტის მიზანია საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებებზე ქონებრივი უფლებების მართვის სისტემის განვითარება და ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას და ამასთანავე, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების უფლებების სათანადო აღსრულებას”, – განაცხადა ბაია კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები