„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონში ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 73 ხმით მიიღო „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტი, რომელიც სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, თენგიზ შარმანაშვილმა წარადგინა.
„საქართველოში იქმნება დახურული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, რომელიც გარკვეულ სამსახურებს დააკავშირებს ერთმანეთთან და არ იქნება მიერთებული ინტერნეტ-სისტემასთან. ასევე, ოპტიკურ-ბოჭკოვან სისტემაში გამავალი ინფორმაცია იქნება დაშიფრული და მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული”, – განაცხადა მომხსენებელმა.
კანონის პროექტით, განიმარტება ახალი ტერმინები – „ელექტრონული დოკუმენტი”, „ელექტრონული ხელმოწერა” და „ელექტრონული შტამპი”. ასევე, განისაზღვრება, რომ კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში შექმნილ ელექტრონულ დოკუმენტს, ელექტრონულ ხელმოწერას და ელექტრონულ შტამპს აქვს, შესაბამისად მატერიალური დოკუმენტის, პირადი ხელმოწერის და მატერიალური შტამპის თანაბარი იურიდიული ძალა.