სეპარატისტები უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებისთვის პირობებს ასახელებენ
„დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ წარმომადგენლები მზად არიან მათი პირობების გათვალისწინების შემთხვევაში, უკრაინასთან ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ერთიანობა შეინარჩუნონ. მინსკის სამმხრივ მოლაპარაკებაზე მათ 9 მოთხოვნა დააყენეს.
„ჩვენ ვაცხადებთ საწყის პოზიციებს , რომლიდანაც ჩვენ დიალოგის დაწყება შეგვიძლია . როგორ წავა საქმე შემდგომში ? ეს მოლაპარაკების პროცესია. მე ვფიქრობ, დღეს ის ნამდვილად არ დასრულდება“, – განაცხადა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ვიცე-პრემიერმა“ ანდრეი პურგინმა.
მოთხოვნებს შორისაა – „დსრ“ და „ლსრ“-ის ტერიტორიებზე რუსული ენის განსაკუთრებული სტატუსი, აჯანყებული სეპარატისტების უსიტყვო განთავისუფლება, სამხედრო ფორმირებების ფაქტიური ლეგალიზაცია და პროკურორების და მოსამართლეების დანიშვნის უფლება. უკრაინელი სეპარატისტები მოითხოვენ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, მთავრობამ და უმაღლესმა რადამ უპირველეს ყოვლისა მიიღოს საკანონდებლო აქტები , რომელიც „ჰუმანიტარული კატასტროფის შეწყვეტის და უკრაინის მხრიდან სახალხო რესპუბლიკების კონტროლირებადი ტერიტორიების განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების“ გარანტირებას მოახდენს.
„ზემოთხსენებული საკანონმდებლო გარანტიების მიღების შემთხვევაში, სახალხო რესპუბლიკები თავის მხრივ გარანტიას იძლევიან, რომ მშვიდობის, უკრაინის ერთიანი ეკონომიკური , კულტურული და პოლიტიკური სივრცის და მთელი რუსულ-უკრაინული სივრცის დასაცავად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავენ“, – აცხადებენ ერთობლივ მიმართვაში ე.წ. „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „ წარმომადგენლები.
მომზადებულია VESTI.RU-ს მასალების მიხედვით