“მედიის აკრედიტაციის წესის ამოქმედების შემდეგ, პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების 5092 შესვლიდან ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების წესის დარღვევის 9 შემთხვევა დაფიქსირდა” – შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესის ამოქმედებიდან 100 დღის განმავლობაში პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების 5092 შესვლიდან ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების წესის დარღვევის მხოლოდ 9 შემთხვევა დაფიქსირდა.
„საქართველოს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესის ამოქმედებიდან 100 დღე გავიდა.
როგორია შედეგები?
გამარტივდა ჟურნალისტებისთვის პარლამენტის შენობაში შესვლის პროცედურა – თუკი ადრე, ყველა ჟურნალისტს უწევდა ყოველ დღე მისთვის საშვის დაშვების მოთხოვნა, დღეს 289 აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაციის ელექტრონული ბარათით ნებისმიერ დროს შეუძლია შემოსვლა პარლამენტის შენობაში.
თანაბარ პირობებში მოექცა ყველა მედია – თუკი აკრედიტაციის წესის ამოქმედებამდე პარლამენტის PR დეპარტამენტი ყოველდღიურად წყვეტდა რომელი მედიის რამდენი ჟურნალისტისთვის მიეცა საშვი, დღეს ერთჯერადად წლიური აკრედიტაციის გავლის შემდეგ, მედია თავად წყვეტს რომელ დღეს რომელი და რამდენი ჟურნალისტი იმუშავებს პარლამენტში.
გონივრულად საქმიან ფორმაში მოექცა ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის ურთიერთობა – პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების 5092 შესვლიდან სულ დაფიქსირდა 9 შემთხვევა, როდესაც დაირღვა პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების წესი, რაც შესვლების 0,17%-ს შეადგენს.
როგორია სტატისტიკა?
სულ წლიური აკრედიტაცია მიიღო 286 ჟურნალისტმა, აქედან 89 ჟურნალისტს აკრედიტაციით დღემდე არ უსარგებლია.
აკრედიტებულია: 19 ტელევიზია, 18 ონლაინგამოცემა, 3 გაზეთი, 2 რადიო
სულ 100 დღეში პარლამენტში განხორციელდა 5092 შესვლა, აქედან წლიური აკრედიტაციით – 3105, ხოლო სპეციალური (ერთდღიანი) აკრედიტაციით – 1987 შესვლა.
5092 შესვლიდან ჟურნალისტური საქმიანობის წესის დარღვევა მოხდა მხოლოდ 9 შემთხვევაში, რაც შესვლების 0,17%-ს წარმოადგენს.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა საპარლამენტო ჟურნალისტს თანამშრომლობისთვის და პარლამენტის საქმიანობის აქტიური გაშუქებისთვის“, – წერს პაპუაშვილი.