ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, თამარ მამალაძის ნაკვალევზე, 136 სოფელში ექსპედიციებს ჩაატარებს

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, თამარ მამალაძის ნაკვალევზე, 136 სოფელში ექსპედიციებს ჩაატარებს.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ექსპედიციების მიზანია მამალაძის მიერ გასულ საუკუნეში ჩაწერილი მომღერლების პირადი მონაცემების დაზუსტება,დამატებითი მასალებისა და ცნობების (ხელნაწერები, ფოტოები, აუდიო ჩანაწერები და სხვ.) მოძიება.
„თამარ მამალაძის მიერ გასული საუკუნის მეორე ნახევარში განხორციელებული საველე კვლევებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტია გასული, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მასალები დღემდე არქივში ინახება და არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის. მასალა ძალიან ფასეულია მისი მასშტაბურობისა (ათასამდე ხმოვანი ჩანაწერი) და მრავალფეროვნების (ექსპედიციები ფაქტობრივად მთელ საქართველოს მოიცავდა) გათვალისწინებით. სწორედ ეს სძენს მისი გამოცემის იდეას მნიშვნელობასა და აქტუალობას.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, გეგმავს ღვაწლმოსილი ფოლკლორისტისა და შემკრების მასალის წიგნად გამოცემას, რომელსაც დაერთვება აუდიომასალაც. ჩვენი მიზანია საარქივო მასალის აქამდე უცნობი კოლექციების დამუშავება და გამოცემა, რაც საზოგადოებას მისცემს მათზე მაქსიმალური წვდომის საშუალებას.
ამისათვის, გასულ წელს ზემოთ ხსენებული ორი ინსტიტუციის თანამშრომლობით სრულად გაციფრულდა ინსტიტუტში დაცული ხელნაწერი და აუდიომასალები, მათ შორის მამალაძის არქივი (აღსანიშნავია, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაციფრულდა თამარ მამალაძის ფონდის ნაწილი).
პროექტის ხელმძღვანელია სანდრო ნათაძე, ხოლო ექსპედიციის წევრები – თეონა რუხაძე და ნანა მჟავანაძე“, – ნათქვამია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები