მაია ფანჯიკიძე: სახელმწიფო წყვეტს ვინ იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაპატიჟებულები არიან სახელმწიფოები და თავად სახელმწიფო წყვეტს, ვინ იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, იგი მხოლოდ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებების შემსურლებელია. მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყდა,რომ ამჟამად დელეგაციას პრემიერმა უხელმძღვანელოს.
„არის ქვეყნები, რომლებიც არ მიიჩნევენ საჭიროდ, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარმოდგენილი იყვნენ უმაღლესი პირების სახით და ხშირად რომელიმე ქვეყანას სულაც საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. ასე, რომ ეს არ არის ის თემა, რომელზეც ასეთი აჟიოტაჟი უნდა იყოს ატეხილი. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ცხოვრება. მე ვარ მხოლოდ იმ დავალებების შემსრულებელი და გამტარებელი, რომელსაც ვიღებ პრემიერისგან და მთავრობისგან“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებულ ინფორმაცით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე წასვლის სურვილი გამოთქვა. პრეზიდენტმა მისი ამერიკაში ვიზიტის ორგანიზება საკუთარ მრჩეველს თენგიზ ფხალაძეს დაავალა, მან კი ვიზიტის დაგეგმვის მოთხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.
გაეროს გენერალური ანსამბლეის 69-ე სესია 26 სექტემბერს ტარდება. სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმება და ასევე დადეგმილია პრემიერის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან ბან კი-მუნთან. მანამდე კი, 23 სექტემბერს, ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, ბარაკ და მიშელ ობამების მიერ ორგანიზებულ მიწვევას დაესწრება. ამერიკის პრეზიდენტისა და პირველი ლედის მიწვევაზე დასწრება უკვე დადასტურებულია.