ალექსანდრე (ავთო) მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

21 ივნისს,18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მხატვარ ალექსანდრე (ავთო) მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ავთო მოსიაშვილის მკვეთრად ინდივიდუალური ხედვა და პროფესიონალიზმი შემოქმედების ადრეულ ეტაპზევე თვალსაჩინოდ აისახა შემოქმედის აბსტრაქციებში. უმეტეს ნამუშევრებში მხატვარი სრულად ათავისუფლებს ფორმას რეალური სამყაროსგან. ხაზისა და ფერის ჰარმონიული შერწყმით ავთო მოსიაშვილის კომპოზიციები სივრცესა და მის უსასრულობას ასახავს.
„ალექსანდრე მოსიაშვილის პერსონალურ გამოფენაზე მუშაობა 2022 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მხატვარს ეწვია და მისი ნამუშევრები დაათვალიერა. გამოფენის პროექტზე მუშაობა ალექსანდრე მოსიაშვილთან ერთად მიმდინარეობდა. თუმცა, სამწუხაროა, რომ ხელოვანი გამოფენის გახსნის დღეს ვერ მოესწრო.
აღსანიშნავია, რომ 30 წლის შემდეგ, 2021 წელს, კულტურის სამინისტრომ პროექტის – „ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება” – ფარგლებში სამუზეუმო ფონდების შევსება დაიწყო და შეიძინა ქართველი მხატვრების, მათ შორის – ალექსანდრე მოსიაშვილის ნამუშევრები, რომლებმაც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შესაბამის ფონდში დაიდეს ბინა.
ავთო მოსიაშვილი ქალაქ დუშეთში დაიბადა, იქვე მიიღო საშუალო განათლება, შემდეგ კი სწავლა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის განხრით განაგრძო, რომლის დასრულების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა. ავთო მოსიაშვილი 1986 წელს ტოკიოში მხატვართა საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა; 1990 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება; 2018 წელს საქართველოს მხატვართა კავშირის წარდგინებით გადაეცა „ღირსების ორდენი“, ხოლო 2019 წელს – დავით კაკაბაძის სახელობის პრემია.
მხატვრის შემოქმედებითი ბიოგრაფია არაერთ ჯგუფურსა თუ პერსონალურ გამოფენას ითვლის. 2004 წელს მის პერსონალურ ექსპოზიციას საქართველოს ეროვნულმა გალერეამაც უმასპინძლა.
ხელოვანის ნამუშევრები ასევე გამოიფინა შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი, ნორვეგია, პოლონეთი, იტალია, ინგლისი და სხვა. ალექსანდრე მოსიაშვილის ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, რუსეთის ტრეტიაკოვის გალერეასა და აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე მოსიაშვილის გამოფენა 2 ივლისამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები