წნორის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად, მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო
ქალაქ წნორის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად, მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა 24 -საათიანი წყალმომარაგებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყლით და ახალი ცენტრალური წყალსადენის სისტემით ისარგებლებს. სამშენებლო სამუშაოების გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი, არჩილ ცაბუტაშვილი, კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. სამუშაოებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა“ და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კოორდინირებით, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ზიმო“ განახორციელებს.
პროექტს, რომლის საერთო ღირებულება 8 მილიონ ლარზე მეტია, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირი აფინანსებს. სამუშაოებზე 200-მდე პირი დასაქმდება, რაც ადგილობრივებისათვის დამატებითი ფინანსური შემოსავლის წყარო გახდება. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია 1250 კუბიანი რეზერვუარის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და საქლორატოროს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ასევე, იგეგმება სადაწნეო მილსადენების, რეზერვუარების, ქალაქის შიდა გამანაწილებელი ქსელების სრული რეაბილიტაცია და ქალაქის ქსელის I-II-III ზონის მოწყობა. პროექტი 2016 წელს დასრულდება. ამ დრომდე წნორში წყალმომარაგების სისტემა, ფაქტობრივად, არ არსებობს და ქალაქის 6400 მოსახლე სასმელ წყალს, ცალკეული უბნების მიხედვით, საუბნო ჭაბურღილებიდან იღებს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას, რომლის საერთო ღირებულება, დაახლოებით, 100 მილიონი ლარია, საქართველოს მასშტაბით, 28 ქალაქში გეგმავს.