„პატრიოტები” ლონდონში ყველაზე გახმაურებულ სპექტაკლად იქცა

26 მაისის შემდეგ ლონდონის თეატრალური აუდიტორიის სულ უფრო მზარდ ყურადღებას იმსახურებს სპექტაკლი „პატრიოტები”, რომელიც ნოელ კაუადის თეატრში იდგმება და 19 აგვისტოს ჩათვლით დარჩება ვესტენდის ამ წამყვანი თეატრის სცენაზე.
პიტერ მორგანის პიესა გულგრილს ვერ ტოვებს მნახველს. ბრიტანელი მაყურებლისთვის ბევრი უცნობი, ბუნდოვანი და ბოლომდე დაუჯერებელი ამბავი ცნაურდება სცენიდან. მსგავსი სამომხმარებლო ურთიერთობები, ასეთი უმოწყალო და სასტიკი ზრახვანი ადამიანის გასანადგურებლად შექსპირის ყველაზე სისხლიანი პიესებში თუ ამოუკითხავთ.
21-ე საუკუნეში თითქმის დაუჯერებელია რომ ასე ყასაბივით ჭრა და წონო შენი სახელმწიფოს ბედი და მისი მომავალი დაუკავშირო რამდენიმე მილიარდერს, რომელთა ფინანსური შესაძლებლობები უკიდეგანო ფუფუნების და უსაფრთხო ცხოვრების გარანტიას აძლევს რუსულ იტებლიშმენტს. ისინი დღესაც სტალინური სტილით მართავენ საზოგადოებას: არ არის ადამიანი, არის პრობლემა!
მათ არც საკუთარი ქვეყნის ადამიანები აინტერესებთ და მით უმეტეს, რას დაგიდევენ მეზობელი სახელმწიფოების ინტერესებს. ის რაც უკრაინაში ხდება ბოლო ერთი წლის განმავლობაში საუკეთესოდ აჩვენებს რუსული პოლიტიკის მიმტაცებელ და დამანგრეველ ბუნებას. რაც მათ არ გაუვათ და რასაც ვერ დაეპატრონებიან, ანგრევენ, ძარცვავენ, ჭურვებით ნაღმავენ. თანამედროვე დასავლურ საზოგადოებას უჭირს გაგება რა ხდება უკრაინაში, რატომ შეიძლება, რომ ასე თავზეხელაღებულად და უტიფრად გაუსწორდე მეზობელ ქვეყანას?
მე მგონი, ამ ბუნდოვან საკითხზე რეჟისორ რუპერტ გულდის სპექტაკლმა „პატრიოტებმა” აპოვნინა საზოგადოებას პასუხები და ამიტომაც იქცა იგი ლონდონის ყველაზე აქტუალურ სანახაობად. პოლიტიკური თეატრი ყოველთვის უყვართ ლონდონში და უიმისოდ არ მახსენდება რომელიმე სეზონს ჩაევლოს.
„პატრიოტებს” თავისი ტრიუმვირატი ჰყავს პუტინის, ბერეზოვსკის და აბრამოვიჩის სახით. დრამატურგისა და რეჟისორის გადაწყვეტით აქ მთავარი ფიგურა ბორის ბერეზოვსკია – პოსტსაბჭოთა რუსეთის მთავარი შემოქმედი. ტომ ჰოლანდერი საოცარი ნიუანსებით ასხამს ხორცს ამ ურთულეს ხასიათს. ვილ კენი ვლადიმერ პუტინს განასახიერებს, ლიუკ თელონი კი რომან აბრამოვიჩს. სამივე წამყვანი მსახიობია არა მარტო ვრცელი ტექსტების გამოისობით, არამედ ნამდვილი ტრიუმფატორები არიან თავიანთი სასცენო აზროვნებით, ხასიათის გამოძერწვის ფილიგრანული ოსტატობით. ინგლისის უდიდესი მსახიობი ჯონ გილგუდი მუდამ ჩიოდა, რომ ყველაზე რთული რუსული ხასიათის შექმნაა სცენაზე. იგი მთავარ როლებს თამაშობდა ჩეხოვის პიესებში და ბოლომდე არასოდეს ყოფილა კმაყოფილი. რუსული ხასიათს იგი დაუძლევლად თვლიდა.
ეს მართლაც ასეა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ინგლისური თეატრი ნამდვილად წინ წავიდა ამ მიმართულებით. იმდენად ბრწყინვალეა ამ ხასიათების გახსნაში სამივე მსახიობი, რომ თვით გილგუდსაც რომ ენახა, აღფრთოვანებული დარჩებოდა მათი განსაკუთრებული შესაძლებლობებით.
“თუ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ რუსეთის გადარჩენა, მაშინ ჩვენ ბიზნესმენებმა უნდა შევძლოთ. ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლები, არამედ მოვალენი ვართ გავხდეთ რუსეთის გმირები” ასე მოძღვრავს ტომ ჰოლანდერის გმირი რუსეთის წამყვან პოლიტიკოსებს. ვილ კინის პუტინი, სანამ საწადელს მიაღწევს გაფაციცებით უსმენს და მიჰყვება ბერეზოვსკის რჩევას და გათვლებს. მაგრამ როცა რუსეთის პირველი კაცი ხდება, იგი უმალ უპირისპირდება თავის მოქანდაკეს, რომელსაც სურს ხელშეუხებელი ავტორიტეტის მანტია შეინარჩუნოს და საკუთარ ნებაზე მართოს მოვლენები. თუმცა, პუტინი იმდენად ნიჭიერი მოწაფე გამოდგება, რომელმაც პირწმინდად შეითვისა მოძღვრის შეგონებანი, ზედ თავისი ამბიციებიც მიუმატა და რუსეთის გმირობა ყველა ბიზნესმენს და ოლიგარქს ერთად ჩამორთვა და პერსონალურად მოირგო. და აგერ ორი ათეული წელიწადია ჯიუტად უმტკიცებს თავის “სიბრძნეს და სიმართლეს” მთელ დედამიწას…
თუმცა, როგორც შექსპირი ბრძანებს “ბოროტება ვერსად წაუვა დღის სინათლეს, თუნდ დასაცავად დედამიწა გადაეფაროს”.
მართალია, ბერეზოვსკი საკუთარი ნებით განერიდება სიკვდილის ბუდეს, მაგრამ ბოროტებას მაინც ვერ გადაურჩება და მას ათასობით კილომეტრს მიღმაც მისწვდება ულმობელი შურისძიება!
თუმცა, ლონდონელთა სპექტაკლი აქ არ მთავრდება, იგი იმაზე ფიქრით გრძელდება, რომ სიკვდილის კალო, რაც რუსეთმა მეზობელ ქვეყანას და ასევე საკუთარ ახალგაზრდა თაობას დაატეხა თავს, შეუძლებელია დაუსჯელი დარჩეს,
ურმით მავალი სამართალი და განგება თავისას იტყვის და ერთად იზეიმებს.
“პატრიოტები” უძლიერესი სასცენო წარმოდგენაა და რა აქტუალური იქნება, რომ იგი ჩართონ თბილისის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამაში. ანდა რატომ არ შეიძლება საქართველომ შეიძინოს საავტორო უფლება დრამატურგ პიტერ მორგანის სააგენტოსგან, რათა ქართულმა თეატრმა მოიპოვოს მისი დადგმის უფლება? თუკი, 45 წლის წინათ რუსთაველის თეატრი დგამდა შატროვის პიესას „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე”, სადაც ლენინს თავზე ცივ წყალს ასხამდნენ! სად და რატომ გაქრა ნოვატორობის მძაფრი სურვილი ქართულ თეატრში?! აქტუალური და ფრიად დამაფიქრებელი ამბავია.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები