“არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი მენტალიტეტი” – ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტები საზოგადოებრივ ადგილებში შიშველი ტანით გამოჩენისთვის დაჯარიმდებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში “არასათანადო ფორმით” გამოჩენისთვის, ტურისტებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ე.წ. პარლამენტარებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მეორე და საბოლოო მოსმენით, შესაბამისი ცვლილებები შეიტანეს.

კერძოდ, ქუჩებში, სკვერებში, პარკებში შიშველი ტანით ან საცურაო კოსტიუმში გამოჩენა ტურისტებს 6 ათასი რუბლის ოდენობის (200 ლარამდე) ჯარიმად დაუჯდება.

კანონპროექტის მიხედვით, ბარათში აღნიშნულია, რომ ე.წ ბიუჯეტს ტურისტები ავსებენ, თუმცა “არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ეროვნული მენტალიტეტი, აფსუარას სულისკვეთებით ახალგაზრდების აღზრდა”.

მათი თქმით, საზოგადოებრივ ადგილებში “არასათანადო ფორმით” გამოჩენა, აღშფოთებას იწვევს არამხოლოდ უფროს თაობაში, არამედ ადგილობრივ ახალგაზრდებში.

არასათანადო ფორმით ხალხში გამოჩენა ადგილობრივებსაც ეკრძალებათ.

იმისთვის, რომ ქალაქებს საინფორმაციო ბანერების დამზადების დრო ჰქონდეთ, კანონი ძალაში 1-ელი აგვისტოდან შევა.

2022 წლის აგვისტოს ბოლოს ოკუპირებულ აფხაზეთში გამკაცრდა წყლის ობიექტებზე ქცევის წესებიც.

კერძოდ, წყალში ქცევის ნორმების დარღვევისთვის პირი 600-დან 1000 რუბლამდე დაჯარიმდება

ჯარიმები ძირითადად ეხებათ სერფერებსა და შორ დისტანციაზე მოცურავეებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები