ალუდა ღუდუშაური: მას, ვინც ამბობს, რომ ხუციშვილის დანიშვნით ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობა წაერთმევა, ან „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონი არ აქვს წაკითხული ან წაკითხული აქვს, მაგრამ იმდენად ცრუობს, რომ შეიძლება, ცხვირი გაეზარდოს

“მას, ვინც ამბობს, რომ ხუციშვილის დანიშვნით ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობა წაერთმევა, ან „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონი არ აქვს წაკითხული ან წაკითხული აქვს, მაგრამ იმდენად ცრუობს, რომ შეიძლება, ცხვირი გაეზარდოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხუციშვილთან დაკავშირებით დასაბუთებული კრიტიკა მას არ მოუსმენია.

„პრეზიდენტის არაერთი ვეტო გვინახავს, რომელსაც არცერთი არგუმენტი და დასაბუთება არ ჰქონია. რადგან მოცემულ შემთხვევაში ლაშა ხუციშვილი მოქმედი ფინანსთა მინისტრია, თუ ის იქნება წარდგენილი და არჩეული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე, ამით თურმე ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობა წაერთმევა. ვინც ამას ამბობს, მას „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონი ან საერთოდ არა აქვს წაკითხული ან წაკითხული აქვს, მაგრამ იმდენად ცრუობს, რომ შეიძლება ცხვირი გაეზარდოს. ეს ტყუილი და სასაცილოა. საუბარია ბორდზე, ეროვნული ბანკის ფუნქციები საბჭოზეა გადანაწილებული და ის იღებს გადაწყვეტილებებს. ლაშა ხუციშვილთან დაკავშირებით დასაბუთებული კრიტიკა ვერ მოვისმინეთ, საოცარი და ამავე დროს სასაცილო ფაქტია, რომ თურმე მისი ერთადერთი ნაკლია ის, რომ არის მოქმედი ფინანსთა მინისტრი”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას პრობლემებს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები