დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინა.

პარლამენტის ინფორმაციით, სხდომაზე ანგარიში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მომხსენებელმა მიმოიხილა 2022 წლის ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საანგარიშო წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 10.1 პროცენტი შეადგინა. 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში 71 754 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 19.6 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე 19 452 ლარს (6 671 აშშ დოლარი) შეადგენს.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ დარგებზე, სადაც ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის მიმართულებით (49.9%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სფეროში (38.9%), ტრანსპორტსა და დასაწყობებაში (28.4%), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობებში (17.9%), ხელოვნების, გართობისა და დასვენების მიმართულებით (17.3%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებში (16.7%) და სხვა. გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა კერძო სექტორის როლზე ეკონომიკურ ზრდაში და აღნიშნა, რომ 2022 წელს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კვლავ კერძო სექტორს ეჭირა. ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ლარი აშშ დოლართან მიმართებაში წინა წელთან შედარებით 12.8 %-ით გამყარდა და 2.7 ლარი შეადგინა ერთ აშშ დოლარზე. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 109 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 33.2 %-ით მეტია; აქედან ექსპორტი 5 592.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (31.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 13 516.9 მლნ აშშ დოლარს (33.8 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წელს 7 924.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების თაობაზე მომხსენებელმა განაცხადა, რომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 16 357 411 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, საანგარიშო პერიოდში მობილიზებული იყო 16 450 247 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.6%. მინისტრის მოადგილემ, სამინისტროების მიერ ბიუჯეტის ათვისებისა და შესრულების ნაწილზე საუბრისას, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობის დაცვის და განათლების სამინისტროების მიერ ბიუჯეტის პარამეტრების შესრულებაზე. მომხსენებელმა „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაც გააცნო დეპუტატებს. ანგარიშში გაანალიზებულია 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ტენდენციები, მაკროეკონომიკური პროგნოზები და ფისკალური რისკები, სახელმწიფო შემოსავლების და გადასახდელების შესრულება, ფინანსური აქტივების მართვა, მთავრობის საგარეო და საშინაო ვალი, ასევე ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები