“ნამდვილი ეკოციდია” – რა შედეგები მოჰყვება კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას

კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. ეს გამოიწვევს არა მხოლოდ მიმდებარე სოფლების და ხერსონის დატბორვასაც კი, არამედ – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაგრილების და სამხრეთ უკრაინის წყალმომარაგების პრობლემებს.

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ ეს არის დარტყმა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ კატასტროფა გავლენას მოახდენს სამხრეთ უკრაინის სარწყავ სისტემაზე.

 

”რუსებს მსოფლიოს ქვეყნებში შიმშილი სჭირდებათ, კერძოდ, აფრიკაში”, – თქვა ერმაკმა.

 

წყლისა და თევზაობის საკითხებში ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „უკრაინის მეთევზეთა თემის“ პრეზიდენტი, ანდრი ნელიპა მიიჩნევს, რომ საფრთხე ემუქრება როგორც ხალხს, ასევე – ამ რეგიონის მთელ ეკოსისტემას.

 

”დნეპრის გასწვრივ მდებარე დასახლებები შესაძლოა, წყლის გარეშე დარჩეს, რადგან კახოვსკაიას წყალსაცავში წყლის დონის ვარდნა მიწისქვეშა წყლების დონის შემცირებას გამოიწვევს – ჭების და სარწყავი არხების, ასევე, მდინარეების გამოშრობას,” – ამბობს ექსპერტი.

 

მისი თქმით, თუ წყლის დონე ერთი მეტრითაც შემცირდება, სასმელი წყლის მიმღები არხები არ იმუშავებენ,  შესაბამისად, მოსახლეობა სასმელ წყალს ვერ მიიღებს.
ნელიპას თქმით, კახოვსკაიას ჰესი ერთ-ერთი მსხვილი ელექტროსადგურია, რომლის კაშხალი, დაახლოებით, 18 მილიონი კ/მ წყალს იკავებდა, წყლის საცავის უპირველესი ამოცანა კი ქვეყნის სამხრეთ ნაწილის მორწყვაა.

 

„თუ სარწყავი სისტემები არ იმუშავებს, სოფლის მეურნეობა დაზარალდება. წყალსაცავის შევსება მხოლოდ გაზაფხულზეა შესაძლებელი. სხვა საკითხებთან ერთად, ნადგურდება ფაუნა და ფლორა, იღუპება მრავალი ცხოველი, მოსალოდნელია მიწების დაჭაობება და რეგიონის კლიმატური რეჟიმის შეცვლა. ასევე, ქვიშიანი ფსკერის გახსნის შედეგად, მოსალოდნელია ახალი უდაბნოს წარმოქმნა, თანმხლები კლიმატური შედეგებით, როგორიცაა ნალექის შემცირება, მტვრის ქარიშხლის გამოჩენა და რეგიონში ტემპერატურის ზოგადი მატება, რაც, თავის მხრივ, შექმნის გვალვის რისკს უკრაინის ცენტრალურ და სამხრეთის მინდვრებში”, – ამბობს ნელიპა.

 

მისი თქმით, “ამ ტერორისტული აქტის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანი ყოვლისმომცველი, გრძელვადიანი და გამოუსწორებელი იქნება. დაზარალდება მთელი ეკოსისტემა. ამიტომ ეს, ფაქტობრივად, ნამდვილი ეკოციდია”.

 

გარდა ამისა, მისი თქმით, განსაკუთრებული საფრთხის წინაშეა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიც, რადგან მისი გაგრილება კახოვსკაიას წყალსაცავიდან მიღებული წყლით ხდება. თუ წყლის დონე დაეცემა და გაგრილების აუზებში დეფიციტი იქნება, ეს ავტომატურად ნიშნავს ბირთვული ავარიის საფრთხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები