ამერიკელი სენატორები აშშ-ის ხელისუფლებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებენ
აშშ-ის სენატორები პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას მოუწოდებენ, უკრაინის ხელისუფლება იარაღით მოამარაგონ, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის რობერტ მენენდესის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აგრესიისთვის პასუხი უნდა აგოს.
„ჩვენ უკრაინას თავდაცვის ისეთი საშუალებები უნდა შევთავაზოთ, რომლის წყალობით პუტინი პასუხს აგებს შემდგომ აგრესიაზე. საუბარი აღარ არის მეამბოხე სეპარატისტებზე, ეს რუსეთის შეჭრაა. ჩვენ უნდა გავიგოთ ეს“, – განაცხადა სენატორმა.
სენატორმა ჯონ მაკკეინმა კი განაცხადა, რომ საუბარია არა „ჩარევაზე“, არამედ „შეჭრაზე“. მაკკეინის თქმით, ვლადიმერ პუტინი „კგბ“-ს ყოფილი პოლკოვნიკია, რომელსაც რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს. მაკკეინი რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ითხოვს.