ეკონომიკის სამინისტროში აბასთუმნის კურორტის განვითარების ფარგლებში საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
აბასთუმნის განვითარებასთან დაკავშირებული, მიმდინარე საკითხები განიხილეს ეკონომიკის სამინისტროში გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე, სადაც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან ასევე მოისმინეს ინფორმაცია კურორტზე მიმდინარე და დაგეგმილი სასტუმროების მშენებლობების შესახებ, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა თითქმის ყველა ინვესტორი, რომლებიც აბასთუმანში სასტუმროების, რესტორნების, ასევე ღონისძიებების სივრცეების პროექტებს ავითარებენ.
„როგორც შეხვედრაზე ითქვა, 2025 წლის ზაფხულისთვის აბასთუმანში ძირითადი სასტუმროების უმეტესობა მზად იქნება სტუმრების მისაღებად. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრებს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია მათი პროექტების შესახებ და იმსჯელეს სხვადასხვა მიმართულებებზე, რომლებიც სახელმწიფოს თანადგომით, აბასთუმნის პროექტის ფარგლებში, კერძო სექტორის ხელშეწყობისთვის ხორციელდება.
იმ პროექტებთან ერთად, რომლებსაც კერძო სექტორი აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში ახორციელებს, ასევე ხაზი გაესვა სახელმწიფოს მიერ შესრულებულ მნიშვნელოვან სამუშაოებს, მათ შორის, ითქვა, რომ დასრულებულია აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია, შემუშავებულია კურორტის განაშენიანების გენერალური გეგმა, ხოლო აბასთუმნის უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინებისათვის, 2020-2022 წლებში, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია, აბასთუმნის შემოვლითი გზის, ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს, იყო აბასთუმანში სასტუმროების განვითარების დივერსიფიცირება, რაც გულისხმობს როგორც ხუთვარსკვლავიანი, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების, ასევე ადგილობრივი, დაბალბიუჯეტიანი განთავსების ობიექტების განვითარებას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები უფრო ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.
ლევან დავითაშვილთან და ირაკლი ქარსელაძესთან ერთად საკოორდინაციო შეხვედრაში სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე მონაწილეობდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.