რა სიახლეები ელით საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებს – „დაცული ტერიტორიების სააგენტოს” ინფორმაცია

როგორ ხვდება საქართველოს დაცული ტერიტორიები ზაფხულის ტურისტულ სეზონს, რა სიახლეებს სთავაზობს „დაცული ტერიტორიების სააგენტო” ტურისტებს, რომელია ყველაზე პოპულარული ადგილები – ამ საკითხებთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა ისაუბრა.

“დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურაა, რომელიც ბუნების დაცვის პარალელურად ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას ახდენს. ცხადია, წელსაც, მას შემდეგ, რაც საქართველოში პოსტპანდემიურ პერიოდში ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, ჩვენ ვზრუნავთ, რომ საზოგადოებას დაცულ ტერიტორიებზე რაც შეიძლება ეფექტიანი და გაუმჯობესებული სერვისები შევთავაზოთ. წელს 34- მილიონიან პროექტს ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც დაცულ ტერიტორიებზე 1 200 კილომეტრამდე ბილიკის მოწესრიგება მოხდება, ასევე, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, როგორიცაა კოტეჯები, საფეხმავლო ბილიკები, გადასახედები, საპიკნიკეები და ა.შ. მათ, ვისაც სურვილი აქვთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ლაგოდეხში, მტირალას და სხვადასხვა ეროვნულ პარკში რამდენიმედღიანი ტურები დაგეგმონ, ცხადია, ეს მათთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. მეორე მხრივ, არის ის დაცული ტერიტორიები, სადაც ერთდღიან ვიზიტს გადაწყვეტენ, ასეა პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი და ა.შ. ცალსახად, გარკვეული სიახლეები გვექნება. წელს პირველად, საზოგადოებას საღამოს საათებშიც მიეცემა საშუალება, მარტვილის კანიონს ეწვიონ, მაშინ როდესაც დღის შუქი აღარაა, მათ დახვდებათ 3D განათების სისტემა, ესაა სრულიად ახალი პროდუქტი, რომელსაც ვიზიტორებს შევთავაზებთ, ვიზიტორებს საღამოს საათებში შეეძლებათ, იხილონ როგორც მარტვილის კანიონი, ასევე ოკაცეს ჩანჩქერი.
იქიდან გამომდინარე, რომ ბუნებაში მოგზაურობა გარკვეულ რისკებთანაა ასოცირებული, მარტვილის კანიონის ტერიტორიის მონახულება 19:00 საათამდე იყო დაშვებული. ახლა უკვე ღამის საათებშიც , 22:00 – 23:00 საათამდეც გვექნება საშუალება, რომ ამ ტერიტორიებზე ვიზიტორები შევუშვათ და აბსოლუტურად განსხვავებული შთაბეჭდილებები შეიქმნან.
ასევე, სიახლეები სათაფლიის ტერიტორიაზეც გვექნება, რომელიც წელს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორთა შორის. ბალდის კანიონზე წელს პირველად ვიწყებთ ეკოტურისტული ბილიკების, ვოლიერების მშენებლობას. ვცდილობთ, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორებს დივერსიფიცირებული სერვისები შევთავაზოთ”, – განაცხადა თამარ ხახიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ყველაზე პოპულარულ, 4 დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის რეკორდულ მონაცემებს 34%-ით გადააჭარბა.

“2023 წლის სტატისტიკას თუ შევხედავთ, დაცულ ტერიტორიებზე ნამდვილად უპრეცედენტო რიცხვები გვაქვს. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 4 ყველაზე პოპულარულ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ იმ რაოდენობას, რაც 2019 წლამდე გვქონდა, ანუ ვგულისხმობ რეკორდულ მაჩვენებელს. 34 %-იანი ზრდით გამოირჩევა პრომეთეს, მარტვილის, ოკაცეს და სათაფლიის ტერიტორიები, სადაც ვიზიტორების ნაკადი არ წყდება. ამ კუთხით ორი ტიპის მოგზაურობას გამოვყოფდი: ვიზიტორები, რომლებიც დაცულ ტერიტორიებზე 1 დღით მიდიან და ვიზიტორები, რომლებიც რამდენიმედღიან ტურებს არჩევენ. ერთდღიანი ტურების შემთხვევაში პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი კვლავ ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს. მრავალდღიანი ლაშქრობების მოყვარულებისთვის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, თბილისის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის, მტირალას ეროვნული პარკები კვლავ დიდი პოპულარულობით სარგებლობს. 2022 წელს დაცულ ტერიტორიებს 900 000 ვიზიტორი ეწვია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია აღდგენის კუთხით, პანდემიამდელ პერიოდს თუ შევადარებთ. აქვე უნდა აღვნიშნო საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ უცხოელი ვიზიტორების ძალიან გაზრდილი ინტერესი, ფაქტობრივად, ვიზიტორების 58 % უცხოელია. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება და ის ბიომრავალფეროვნება, რაც ქვეყანაში გვხვდება, ნამდვილად უნიკალურია”, – განაცხადა თამარ ხახიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები