სომხეთი რუსული იარაღის ალტერნატივას ეძებს – დაწყებულია მოლაპარაკება დასავლელ პარტნიორებთან

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის განცხადებით, 2020 წლიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო) წევრობა რესპუბლიკას არაფერს აძლევს.

ამის შესახებ მან სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში თქვა.

„2020 წლიდან აზერბაიჯანის მხრიდან სამი ფართომასშტაბიანი თავდასხმა განხორციელდა, რომლის დროს კუხოს სომხეთისთვის არავითარი დახმარება არ გაუწევია. ამიტომ, ერევანს უწევს ალტერნატივის მოძებნა – მაგალითად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის. სამი თავდასხმის შემდეგ, ეგრეთ წოდებული სამხედრო ბლოკი სომხეთს მხოლოდ ფაქტების დამდგენი მისიის შექმნას სთავაზობს. ეს, სულ მცირე, არასერიოზულია“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

გრიგორიანმა თქვა, რომ კუხოს წევრობა “გარკვეულ პრობლემებს ქმნის”, მაგრამ არ ზღუდავს მაინც სომხეთის თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან. მისი თქმით, ერევანი აქტიურად მუშაობს დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის, იარაღის შესყიდვის საკითხზე.

“ჩვენ გვესმის, ვხედავთ რეალობას, რომელიც არსებობს – ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ რუსეთის შესაძლებლობები არ არის იმდენად დიდი, რომ იარაღის ექსპორტი შეეძლოს და ჩვენ სხვა რესურსების ძიების გზაზე დავდექით”, – განმარტა მან და დასძინა, რომ „ბევრი ქვეყანაა, რომელთანაც ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს იარაღის შესყიდვის საკითხზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები