მეუფე შიო: მთავარი მიზანი ქრისტიანული ცხოვრების, არის სულიწმინდის მოხვეჭა

“როგორ მოვიპოვოთ მადლი სულისა წმინდისა, როცა ეს მთავარი მიზანია ჩვენი სულიერი ცხოვრების? ამაზე უფალი იესო ქრისტე ბრძანებს რომ ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელიც მიმყვანებელია აი ამ მაღალ მდგომარეობამდე, ამიტომ, თუ ჩვენ გვსურს რომ სულიწმინდის მადლი მოვიხვეჭოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა ვებრძოლოთ ჩვენში ცოდვას…”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიო მუჯირმა სულთმოფენობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი მიზანი ქრისტიანული ცხოვრების, არის სულიწმინდის მოხვეჭა.
“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ სულთმოფენობას, გილოცავთ ყოვლადწმინდა სამების დღეს.
დღეს ასევე გახლავთ მართლმადიდებელი ეკლესიის დაბადების დღესასწაული, ვინაიდან, სულიწმინდა ღმერთმა მოციქულებზე გარდამოსვლით დასაბამი დაუდო წმინდა ეკლესიას.
გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას და მოლოცვას.
ჩვენ განსაკუთრებული სიხარულით გვავსებს სულიწმინდა ღმერთისადმი რწმენა, იმიტომ რომ მის მოქმედებასთან ამ სამყაროში დაკავშირებულია ჩვენი ყველაზე დიდი და უაღმატებულესი მოლოდინები და სასოება. და ეს ასეც უნდა იყოს. იმიტომ რომ, როგორც გახსოვთ, თავად უფალი იესო ქრისტე ბრძანებდა რომ იგი დაითმენს ტანჯვას და სიკვდილს სულიწმინდის მოვლინების გამო. სწორედ ამას ნიშნავს მისი სიტყვები რომ: „უმჯობესია თქვენთვის რომ მე წავიდე. თუ მე არ წავალ, ნუგეშინისმცემელი ვერ მოვა თქვენთან, ხოლო თუ მე წავალ, მოგივლენთ მას“.
და აი, ამ დღეს შესრულდა დანაპირები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და აწ უკვე ამიერიდან მის მიერ ბოძებული კაცობრიობისთვის სულის გამოხსნა, როგორც ადამიანის თანაზიარება საღვთო ცხოვრებასთან, უფრო სწორედ, ადამიანის საღვთო ცხოვრებასთან ზიარების რეალური შესაძლებლობა, ხორციელდება სწორედ სულიწმინდის ძალით და მადლით.
და აი ამიტომ, მთავარი მიზანი ქრისტიანული ცხოვრების, არის სულიწმინდის მოხვეჭა. წმინდა მამები ასეც ასწავლიდნენ, ისეთი დიდი მამები, როგორიც იყვნენ წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და სხვები და სხვები, რომ, მიზანი სულიერი ცხოვრების არის ის რომ სათნო ვეყოთ ქრისტე ღმერთს, სულიწმინდის მოხვეჭის მეშვეობით, სულიწმინდის მოხვეჭით ვიყოთ სათნო მისთვის, ანუ სასურველი ქრისტესთვის. იმიტომ რომ, სულის გადარჩენა და სასუფეველი ღვთისა შეიძლება გამოვლინდეს და გაიხსნას ადამიანში მხოლოდ სულიწმინდის მადლით და ძალით.
ამაზეც ბრძანებს უფალი იესო ქრისტე რომ: „ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა, და სიმართლესა მისსა“, და ასევე რომ „სასუფეველი ღვთისა თქვენშია“.
ასევე, სულიწმინდა არის ყოველივე სიკეთის წყარო და მომტანი ყოველივე სიკეთის. ვინაიდან, არა მხოლოდ თვითონ არის სიცოცხლე, სულიწმინდა, და სინათლე, არამედ, მომნიჭებელია ნათლისა, ე.ი. არა მხოლოდ საღვთო სინათლეა თვითონ, არამედ ნათლის მომნიჭებელიც არის. არამარტო სიცოცხლეა სულიწმინდა, არამედ ცხოველსმყოფელიც არის და ყოველი სიწმინდეც სულიწმინდისგან არის. როგორც ამბობს პავლე მოციქული, რომ: „სასუფეველი ღვთისა ეს არის სიმართლე, მშვიდობა და სიწმინდე სულიწმინდაში“.
როგორც მოგახსენეთ, სულიწმინდამ დასაბამი დაუდო ქრისტეს ეკლესიას, იგი აღაშენებს ქრისტეს ეკლესიას, ამ ქრისტეს სხეულს, ამ სამეფოს, განწმენდილი ადამიანების სამეფოს, რომლებიც მოელიან მომავალ მარადიულ დიდებას, აი ამ დიდებისთვის არის შექმნილი ადამიანიც და სამყაროც.
როდესაც ხდება მოხვეჭა სულიწმინდის ადამიანის მიერ, მასში ყველაფერი იცვლება, მისი აზრებიც, მისი გრძნობებიც, მისი ყოველი მოძრაობა, ხდება სასწაულებრივად განწმენდილი და ამაღლებული, მაგრამ, როგორ მოვიპოვოთ მადლი სულისა წმინდისა, როცა ეს მთავარი მიზანია ჩვენი სულიერი ცხოვრების? ამაზე უფალი იესო ქრისტე ბრძანებს რომ ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელიც მიმყვანებელია აი ამ მაღალ მდგომარეობამდე, ამიტომ, თუ ჩვენ გვსურს რომ სულიწმინდის მადლი მოვიხვეჭოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა ვებრძოლოთ ჩვენში ცოდვას. და ეს ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, რომ, რომ არ იყოს ნუგეში ამ ცხოვრებაში, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა. მაგრამ ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ ჩვენ გვაქვს ასეთი ნუგეში, ვინაიდან ჩვენ გვყავს ნუგეშინისმცემელი სული ჭეშმარიტებისა, მოვლენილი უფალი იესო ქრისტეს მიერ, რომელიც გვაძლევს ჩვენ აურაცხელ და შეუფასებელ საუნჯეებს და სიკეთეებს, რომელიც შეგვიყვანს ჩვენ სასუფეველში, იმ სასუფეველში, სადაც ყველაფერი ფერს იცვლის, და ხდება ახალი ცა და ახალი მიწა. ასე რომ, ნუ შეგვეშინდება აი იმ ვიწრო გზის, რომელიც სულიწმინდის მოხვეჭას ესაჭიროება, იმ ღვაწლის, და იმ ვიწრო გზაზე სიარულის.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ შესანიშნავ დღეს, და ყოფილიყოს მუდამ ჩვენს გულებში, ჩვენს გასამხნევებლად ის პირველი ლოცვა, ტროპარი, რომელიც წმინდა ეკლესიის მიერ იკითხება ყველა ღვთისმსახურების დასაწყისში: „მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და აცხოვნე სულნი ჩვენნი, ამინ!“
დღეს არის ასევე, კიდევ ერთი შესანიშნავი დღესასწაული, სამების საკათედრო ტაძრის, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით და წირვა აღვასრულეთ, დღესასწაული.
ამასაც გილოცავთ ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ტაძარი გამოირჩევა თავისი დიდებულებით, თავისი მშვენიერებით, და ნამდვილად შეიძლება ითქვას რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ პერიოდში ასეთი ტაძრის აშენება ისივე როგორც, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ მრავალი სხვა დიდებული საქმის აღსრულება, ნათელი დასტურია სულიწმინდის შეწევნის. და დღეს ჩვენ სიყვარულით ვულოცავთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას სულთმოფენობის დიდებულ დღესასწაულს და ვუსურვებთ მას დღეგრძელობას და სულიწმინდის შეწევნას. სულიწმინდა იყავნ თქვენ ყოველთა თანა, და სრულიად საქართველოს თანა, ამინ!”,- განაცხადა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები