რა საფრთხე ემუქრებათ რუსთაველის გამზირზე ფეხით მოსიარულეებს?
რუსთაველის გამზირზე, №28-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს, რომლის სახურავიდან დღეს ბათქაში ჩამოინგრა, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. ამის შესახებ “კვირას“ დედაქალაქის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. როგორც მერიაში აცხადებენ, იქიდან გამომდინარე, რომ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია, მისი რეაბილიტაციის გადაწყვეტილებას მთაწმინდის გამგეობა დამოუკიდებლად ვერ მიიღებს. მათი თქმით, პრობლემის გადაწყვეტაში ძეგლთა დაცვის სააგენტოც უნდა ჩაერთოს. “ შენობა უკვე დაათვალიერეს მთაწმინდის გამგეობის წარმოამდგენლებმა. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორია დაასუფთავეს. გადაწყდა, რომ პრობლემას მერია ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად შეისწავლის და შენობას სათანადო სამუშაოები ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად აუცილებლად ჩაუტარდება“,- განაცხადეს მერიაში. „ეს ცენტრალური ქუჩაა, სადაც ყოველდღიურად ათასობით ფეხით მოსიარულე დადის, რომელიმე მათგანს ბათქაში რომ დაეცეს თავზე, ამაზე ვინ აგებს პასუხს? დავდგეთ და ველოდოთ, როდის მოილაპარაკებენ ერთმანეთში ძეგლთა დაცვის სააგენტო და მერია? ეს, როგორც წესი, გაწელილი ბიუროკრატიული პროცედურებია და საბოლოოდ მათ დაუდევრობას შეიძლება ადამიანების სიცოცხლე შეეწიროს“, – აცხადებენ „კვირასთან“ ინტერვიუში რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლები.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, №28-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან ბათქაში დღეს დილით ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოღობეს. როგორც “კვირას“ კორპუსის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, შენობას მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები ცოტა ხნის წინ ჩაუტარა, მაგრამ უამინდობის დროს საცხოვრებელი კორპუსიდან ბათქაში მაინც სისტემატურად ცვივა. მოსახლეობის განცხადებით, ეს თბილისის ცენტრალური გამზირი და ქუჩაა, ამ კორპუსის ქვეშ დღის განმავლობაში უამრავი ფეხით მოსიარულე ხვდება და უხარისხოდ გაკეთებული საცხოვრებელი კორპუსი მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. კორპუსის მცხოვრებლებმა აღნიშნული პრობლემის შესახებ მერიას დღეს კიდევ მიმართეს. დედაქალაქის მმართველებისგან ისინი კორპუსის ფასადის ხარისხიანად შეკეთებას ითხოვენ.