“რუსული ტოტალიტარიზმი უნდა განადგურდეს” – ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე
ლიეტუვის სეიმის სპიკერმა, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა განაცხადა, რომ რუსული ტოტალიტარიზმი უნდა განადგურდეს, ხოლო ამ ბრძოლის სათავეში უკრაინაა.
ამის შესახებ მან უკრაინელი კოლეგისთვის, რუსლან სტეფანჩუკისთვის ალექსანდრას სტულგინსკისის ვარსკვლავის გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა, – წერს LRT.
„რუსული ტოტალიტარიზმი, იმავენაირი სიძულვილის იდეოლოგიაა, როგორიც იყო ფაშიზმი ან ნაციზმი, ის შეუთავსებელია ცივილიზებული თანაარსებობის და საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმებთან, ამიტომ, ის უნდა განადგურდეს“, – განაცხადა ჩმილიტე-ნილსენმა.
ცერემონიის დაწყებამდე, პარლამენტარებმა დაღუპული უკრაინელი ბავშვების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ჩმილიტე-ნილსენმა ასევე აღნიშნა, რომ ლიეტუვა მხარს დაუჭერს უკრაინელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება და ყველაფერს გააკეთებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა არ შემცირდეს.