“უკრაინასთან ომში სომხეთი რუსეთის მოკავშირე არ არის” – ფაშინიანი
სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, უკრაინასთან ომში სომხეთი რუსეთის მოკავშირე არ არის.
ამის შესახებ ფაშინიანმა CNN primanews-თან ინტერვიუში 4-5 მაისს, ჩეხეთში ვიზიტის დროს თქვა, რომლის ტექსტი მისმა პრესსამსახურმა მხოლოდ ახლა გამოაქვეყნა.
ფაშინიანს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე, ასევე, უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე.
“თქვენ თქვით, რომ ჩვენ რუსეთთან მოკავშირეები ვართ. რა თქმა უნდა, ეს არასდროს თქმულა ხმამაღლა, მაგრამ ვფიქრობ, ეს შესამჩნევია. უკრაინასთან ომში ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები და ამ ომის, ამ კონფლიქტის ჩვენი აღქმა არის შფოთვა, რადგან პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ყველა ურთიერთობაზე“, – თქვა ფაშინიანმა.
მისი თქმით, დასავლეთში ძირითადად აფიქსირებენ იმას, რომ სომხეთი რუსეთის მოკავშირეა, მოსკოვში კი ხედავენ, რომ უკრაინასთან ომში ერევანი მოსკოვის მოკავშირე არ არის. მისი თქმით, შედეგად, გამოდის, რომ ამ ვითარებაში სომხეთი არავის მოკავშირე არ არის და ეს მას უფრო დაუცველს ხდის.