Hürriyet: სტოლტენბერგი ანკარაში 3 ივნისს ჩავა
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 3 ივნისს ანკარაში ჩავა, სადაც არჩეული პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრება.
ამის შესახებ გაზეთი Hürriyet-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთის პარლამენტმა ალიანსში შვედეთის გაწევრიანების შესახებ წინადადების რატიფიცირება ვილნიუსის სამიტამდე, 11 ივლისამდე უნდა მოახდინოს.
შვედეთის პრემიერმა განაცხადა, რომ შეასრულა თურქეთის მოთხოვნები და ანტიტერორისტულ კანონში ცვლილება შეიტანა.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის შეერთების შესახებ რწმენა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც გამოთქვა.
1-ელ ივნისს თეთრი სახლის ლიდერმა ქვეყნის საჰაერო ძალების აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ, ვლადიმერ პუტინის მცდელობის მიუხედავად, რომელსაც უნდა ნატოს დარღვევა, ალიანსი უფრო ძლიერდება და მას სულ მალე, ფინეთის შემდეგ, უკვე შვედეთიც შეუერთდება.