„კანონიერი ქურდები“ ცდილობენ, საპატიმროები საკუთარ გავლენას დაუმორჩილონ“
„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ გეგუთის დაწესებულებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დამნაშავეთა სამყარო და ე.წ. კანონიერი ქურდები ცდილობენ თავიანთ სრულ გავლენას დაუმორჩილონ დეპარტამენტის დაწესებულებები.
„მიგვაჩნია, რომ გეგუთის დაწესებულების პატიმართა ქმედებები იმართება, როგორც ქვეყნის გარე, აგრეთვე ქვეყნის შიგნით არსებული დაინტერესებული ძალებით. დამნაშავეთა სამყარო და მათი ლიდერები, ე.წ. კანონიერი ქურდები ცდილობენ თავიანთ სრულ გავლენას დაუმორჩილონ დეპარტამენტის დაწესებულებები, რაშიც ეს უკანასკნელნი იყენებენ რიგ „უფლებადამცველ ორგანიზაციებს“, მათი მეშვეობით ახმაურებენ ისეთ ცნობებს, რომლებიც ემსახურება საზოგადოებაში დაძაბულობის მუხტის შექმნას.
გარკვეულ ძალებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არ აწყობთ მშვიდი და სტაბილური მდგომარეობა, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში პატიმართა მიუღებელი მოთხოვნების გახმაურებით, ისინი ცდილობენ მართვადი ქაოსის მდგომარეობის შექმნას. მიგვაჩნია, რომ რაც უფრო მეტ დათმობაზე წავა სახელმწიფო „ქურდული სამყაროს“ მიუღებელ მოთხოვნებთან დაკავშირებით, მით მეტი იქნება დამნაშავეთა სამყაროს გავლენა საპატიმროებზე. დაუმორჩილებლობის ტალღა გადაედება დეპარტამენტის სხვა დაწესებულებებსაც. მოვუწოდებთ სასჯელაღსრულების სამინისტროს, რომ მიიღოს კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური ყველა ზომა, რათა შეძლოს ვითარების კონტროლი და სახელმწიფო ინტერესების დაცვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.