ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა

დღეს, ახალციხის ცენტრალურ პარკში განსაკუთრებული მხიარულება და ჟრიამული იყო, სადაც პატარებისათვის მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები გაიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ღონისძიება მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა მანანა ბერიძემ გახსნა, რის შემდეგაც ქალაქ ახალციხის №7 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა ცეკვა ქართული შეასრულეს. შეკრებილ პატარებს და მათ მშობლებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

პარკის ტერიტორიაზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ახალგაზრდული საბჭოს მონაწილეობით სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობები მოეწყო, მათ შორის სამაგიდო თამაშები, მხიარული სტარტები, ვიქტორინა და შეჯიბრებები. სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა პატარები სახეზე მოხატვით გაახალისეს. კონკურსებსა და თამაშებში გამარჯვებულები კი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებაში მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის პატარა მსახიობები, საჯარო სკოლების მოსწავლეები და ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობდნენ. შეკრებილ ბავშვებს ასევე მერიისგან ნაყინები და ბუშტები დაურიგდათ. დღის ბოლოს, კი ახალციხის ცენტრალურ პარკში არსებულ ეკრანზე, პატარებისათვის საბავშვო ანიმაციური ფილმის – „ზოოტოპია“ – ჩვენება მოეწყო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, უსურვებს ნათელ და ბედნიერ მომავალს!“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები