საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა და ევროპის საბჭომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გამართეს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა უფლებებისა და თანასწორობის თემაზე, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო აბულაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მანდატურები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებების, თანასწორობისა და ტოლერანტობის თემებზე შექმნილი პოსტერებისა და ნახატების გამოფენა მოაწყვეს. ღონისძიების მეორე ნაწილი ინტელექტუალურ თამაშს დაეთმო, რომელშიც თბილისის 6 საჯარო სკოლის მე-10 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.

თანასწორობის თემაზე გამართულ ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვება თბილისის N169 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს. გამარჯვებულ და მონაწილე გუნდებს, ღონისძიების დასასრულს, სერტიფიკატები და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.

მიმდინარე თვიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, მსგავსი ინტელექტუალური თამაშები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვისაც გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები