ქუთაისში მესამე საერთაშორისო ფორუმი “ოქროს საწმისის ძიებაში” ჩატარდა

ქუთაისში მესამე საერთაშორისო ფორუმი “ოქროს საწმისის ძიებაში” ჩატარდა. ფორუმის მთავარი აქცენტი იყო ევროკავშირისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტი “ქუთაისი: ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის“.

ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი (KIF), „ევროკავშირის მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG)“ ინიციატივასთან და USAID-ის „კარგი მმართველობის პროგრამასთან“ თანამშრომლობის ფარგლებში იქნა დაარსებული და უკვე მესამედ ჩატარდა.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი კატალინ გერმანი, ევროპის ქალაქების თვითმმართველობების, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

“ქუთაისის საერთაშორისო ფორუმით ქალაქი ქუთაისი მიზნად ისახავს გახდეს მდგრადი ურბანული განვითარების შესახებ ინოვაციური იდეების და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის პლატფორმა და ხელი შეუწყოს მრავალდისციპლინარული დიალოგის გაძლიერებას სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მაღალსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ბიზნეს წარმომადგენლებს შორის.

ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი ფოკუსირებულია საშუალო და პატარა ქალაქების განვითარებაზე, რაც გვაძლევს გამოწვევების გადაჭრის საუკეთესო პრაქტიკის და შესაძლებლობების გამოყენების ინოვაციური იდეების გაზიარების საშუალებას.
ფორუმი უზრუნველყოფს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის, გამოცდილების გაზიარების და ერთმანეთისგან სწავლების სივრცეს.

ფორუმის მსვლელობის დროს გავაფორმეთ მემორანდუმი ქუთაისის მუნიციპალიტეტსა და ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, ვისი მხარდაჭერითაც მოხერხდა ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარება: ევროკავშირს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციას (NALAG), ფორუმის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს და ჩვენს სტუმრებს, რომლებმაც შეძლეს და მონაწილეობა მიიღეს ფორუმის მუშაობაში.”- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები