შალვა პაპუაშვილი: წლების განმავლობაში, ქართული პოლიცია თანამედროვე, შესაბამისად აღჭურვილ, კვალიფიციურ და ევროპული სტანდარტების შესაბამის ძალად ჩამოყალიბდა

,,წლების განმავლობაში, ქართული პოლიცია თანამედროვე, შესაბამისად აღჭურვილ, კვალიფიციურ და ევროპული სტანდარტების შესაბამის ძალად ჩამოყალიბდა,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართული პოლიციის დამსახურება და კვალიფიკაცია აღიარებულია ევროპული ინსტიტუტების მიერ, რომლებიც სასამართლო პრეცედენტებით ადასტურებენ, რომ ქართველი სამართალდამცავების მოქმედებები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნებს.

„დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა, იყო პოლიციელი და 24-საათიან რეჟიმში ემსახურო საკუთარ სამშობლოსა და ხალხს. წლების განმავლობაში, ქართული პოლიცია თანამედროვე, შესაბამისად აღჭურვილ, კვალიფიციურ და ევროპული სტანდარტების შესაბამის ძალად ჩამოყალიბდა. ქართული პოლიცია და ჩვენი სამართალდამცავი სისტემა სამაგალითოა რეგიონში და რეგიონს გარეთ ბევრი ქვეყნისთვისაც. თქვენ ყოველდღე რისკავთ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იმისთვის, რომ უზრუნველყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. უკანასკნელ პერიოდში არაერთხელ გავხდით ჩვენი პოლიციელების მაღალი პროფესიონალიზმის მოწმენი. სწორედ თქვენი დამსახურებაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა, ასევე, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა. წამყვანია თქვენი როლი სახელმწიფოებრივი წესრიგის, კანონის აღსრულებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფაში. თქვენი დამსახურება და კვალიფიკაცია აღიარებულია ევროპული ინსტიტუტების მიერ, რომლებიც სასამართლო პრეცედენტებით ადასტურებენ, რომ თქვენი მოქმედებები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნებს. დიდ მადლობას გიხდით ყველა პოლიციელს, ვინც დაუღალავად და თავდადებით ასრულებს თავის მოვალეობებს ოჯახის, შვილების, ქართული საზოგადოებისა და მთლიანად ქვეყნის წინაშე,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა მაღალი პროფესიონალიზმისთვის და მწუხარება გამოთქვა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების გამო. ,,ქედს ვიხრი იმ პოლიციელების წინაშე, რომლებმაც, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენს ქვეყანას. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს იმ მუხლჩაუხრელი შრომისთვის, რომლის შედეგიც ყველასათვის თვალსაჩინოა – ქვეყანასა და თითოეულ მოქალაქეზე მზრუნველი პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული დანაყოფი.
ვამაყობთ თქვენით და თითოეულ პოლიციელს გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო და რთულ საქმეში. გისურვებთ, ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის მუნდირი. სახელმწიფო თქვენ გვერდით დგას,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები