რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა, ანტისახალხო პოლიტიკა – სოხუმში დღეს “ანტისამთავრობო აქცია” გაიმართება

სოხუმში დღეს, 30 მაისს ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსთან მდებარე მოედანზე აქციას გამართავენ.

ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის დაცვა გაძლიერდა, ე.წ. ძალოვანებმა ის ლითონის ტურნიკებით და ავტობუსებით შემოღობეს. შენობების გარშემო ე.წ. სუს-ის და პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.

29 მაისს ე.წ. სუსის ხელმძღვანელმა, რობერტ კიუტმა და ე.წ. გენპროკურორმა, ადგურ აგრბამ მოქალაქეებს მიმართეს და მოუწოდეს სიმშვიდის და წესრიგის შენარჩუნებისკენ, აღკვეთონ დანაშაული და ისეთი ქმედებები, რომლებიც მიმართულია სოციალური მდგომარეობის დესტაბილიზაციისკენ.

სუს-ის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „უწყება თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, მშვიდობიანი მასობრივი ღონისძიებების დროს მოქალაქეთა უფლებების უზრუნველსაყოფად, განახორციელებს ღონისძიებების კომპლექსს“.

რაც შეეხება თავად აქციას, ის 14:00 საათისთვის დაანონსდა. მასში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიები და ე.წ. ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას.

როგორც 11 მაისს ​ ოპოზიციის ლიდერების მიერ გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივი ორგანიზაციის “არუას” უმაღლესი საბჭოს წევრმა, ხინა დუმავამ განაცხადა, მთელი რეგიონის მასშტაბით მოსახლეობასთან, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრები გაიმართა და იქნა შეთავაზებული “არსებული ღრმა კრიზისის დასაძლევად გონივრული გეგმა, რაც გულისხმობს ხელისუფლების უარს ისეთი კანონების და პროექტების შესრულებაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენი ხალხის ყველა ინიციატივა ხელისუფლების მხრიდან იგნორირებულია“.

25 აპრილს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერებმა დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას არაერთი მოთხოვნა წაუყენეს. ამჟამინდელი ე.წ.ხელისუფლების მიერ დაშვებულ დარღვევებს შორისაა – რუსეთისთვის ხელშეკრულებით ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა; ასევე, “აჩიგვარას” ავიახაზის შეკეთებისას დაშვებული ტექნიკური დარღვევები და მომსახურების გადაფასება.

ოპოზიცია ითხოვდა ე.წ. მინისტრთა კაბინეტის დათხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციას გამართავდა „მოქმედი ხელისუფლების ანტისახალხო პოლიტიკის დასაპირისპირებლად“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები