დავით ქართველიშვილი: ბოლო ორ წელიწადში საქართველოში სიღარიბის და შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებლების კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფიქსირდება

კლასიკური დასაწყისით დავიწყებ: თქვენთვის ორი ახალი ამბავი მაქვს – კარგი და ცუდი. რომლით დავიწყო? მოდით, კარგით: ბოლო ორ წელიწადში საქართველოში
სიღარიბის და შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებლების კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფიქსირდება. გასულ წელს შემცირდა სიღარიბის დონე და თავის ისტორიულ მინიმუმს – 15.6%-ს მიაღწია,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი აცხადებს.

“აღნიშნული მონაცემების წყარო “საქართველოს სტატისტიკის სამსახურია”. მისივე ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობა 17.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

დიახ, ცუდი ამბავიც დამრჩა მოსაყოლი. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს მიერ 2023 წლის მარტის ოფიციალური ანგარიშით, ანალოგიურ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში სიღარიბის დონე 12,1 პროცენტიდან (2021 წლის დეკემბერში) გაიზარდა 16,6 პროცენტამდე (2022 წლის მაისში).

აშშ-ში ღარიბი ბავშვების რაოდენობის საერთო რიცხვი 3,3 მილიონით გაიზარდა, ხოლო 2018 წლიდან დღემდე ბავშვთა შრომის სფეროში დარღვევები თითქმის 70 პროცენტით გაიზარდა. 2022 ფისკალურ წელს სხვადასხვა სახიფათო სამუშაოზე არასრულწლოვანთა გამოყენების ფაქტები კი გაიზარდა 26 პროცენტით.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლების მსგავსად, ამერიკაშიც მთავრობის ძირითადი ძალისხმევა ფოკუსირებული იქნება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფაზე, ვიმედოვნებ რომ ამ დროებით ჩავარდნას ჩვენი პარტნიორი-სახელმწიფო წარმატებით გაუმკვლავდება”,  – წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები