ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია არის, იყოს ზეპარტიული
“პრეზიდენტი პოლიტიკური ბრძოლის გარკვეულ მხარეს იჭერს ხოლმე, რაც არ შეესაბამება კონსტიტუციის სულისკვეთებას – მოვუწოდებთ ყველა ინსტიტუციას, რომ იმოქმედოს მისთვის კონსტიტუციით განსაზღვრულ ჩარჩოებში”, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია არის იყოს ზეპარტიული, მისი ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში იყოს მხოლოდ კონსოლიდაციისკენ მოწოდებული და კონსტიტუციით განსაზღვრულ სამართლებრივ პროცედურებში იღებდეს მონაწილეობას.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებები განსხვავდება იმ პრეზიდენტის უფლებებისგან, რომელიც არის არამარტო სახელმწიფოს მეთაური, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელიც. ასეთ პირობებში, როგორც ევროპის პრაქტიკა და კონსტიტუციონალიზმი გვიჩვენებს, პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია არის იყოს ზეპარტიული, მისი ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში იყოს მხოლოდ კონსოლიდაციისკენ მოწოდებული და კონსტიტუციით განსაზღვრულ სამართლებრივ პროცედურებში იღებდეს მონაწილეობას. ჩვენ დავინახეთ, რომ ის პოლიტიკური ბრძოლის გარკვეულ მხარეს იჭერს ხოლმე, რაც ნამდვილად, არც კონსტიტუციის სულისკვეთებას და არც იმ ევროპულ პრაქტიკას შეესაბამება, რომლისკენაც ვისწრაფვით. აქედან არის გამოწვეული ჩვენი წუხილი და აქედან გამომდინარეა ის განცხადება, რომლითაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გვინდა, ვიყოთ ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრული ყველა ინსტიტუტის მიმართ ერთგულნი და ამავდროულად, მოვუწოდებდეთ ყველა ინსტიტუციას, რომ იმოქმედოს მისთვის კონსტიტუციით განსაზღვრულ ჩარჩოებში”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას.