რუსეთმა აშშ-ის კონგრესმენი ძებნაში გამოაცხადა – გრეჰემი კი ამბობს, რომ რუსული “პროპაგანდა კარგად მუშაობს”

რუსეთმა ამერიკელი კონგრესმენი, რესპუბლიკელი ლინდსი გრეჰემი კიევში, 26 მაისს ვოლოდიმირ ზელენსკისთან გაკეთებული კომენტარის გამო, ძებნაში გამოაცხადა.

თავად გრეჰემმა რუსეთის პროპაგანდა გააკრიტიკა.

საქმე ისაა, რომ 26 მაისს გრეჰემი კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უკრაინის პირველი პირის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ზელენსკიმ სენატორს ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-ის მიერ გამოყოფილი 38 მილიარდი დოლარისთვის მადლობა გადაუხადა.

გრეჰემმა აშშ-ის დახმარებას უწოდა “საუკეთესო ფული, რაც კი ოდესმე დაგვიხარჯავს”. მისი თქმით, უკრაინას ომის 457-ე დღეს ეწვია და  უკრაინელები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის აგრესიას, მას “ჩვენს საუკეთესო ამერიკელ მეგობრებს” ახსენებენ.

”იყო დრო ამერიკაში, როდესაც ჩვენც ვიყავით ასეთი, ვიბრძოდით ბოლომდე, ან თავისუფალი ვიქნებოდით, ან მოვკვდებოდით”, – თქვა გრეჰემმა.

ზელენსკიმ დასძინა, რომ ”ახლა თქვენ თავისუფალი ხართ. ჩვენც ვიქნებით”. რაზეც გრეჰემმა უპასუხა: „და რუსები კვდებიან“. ზელენსკიმ თქვა: “დიახ, მაგრამ ისინი ჩვენს ტერიტორიაზე მოვიდნენ. ჩვენ მათ ტერიტორიაზე არ ვიბრძვით”.

ამ დიალოგს კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი და სხვა რუსმა ოფიციალური პირები გამოეხმაურნენ.

პესკოვმა თქვა, რომ „ძნელია, წარმოიდგინო იმაზე დიდი სირცხვილი ქვეყნისთვის, ვიდრე ასეთი სენატორები”.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა 67 წლის რესპუბლიკელ გრეჰემს “ბებერი სულელი” უწოდა.

რუსეთის გამოხმაურების შემდეგ, გრეჰემმა Reuters-თან საუბარში თქვა, რომ, „როგორც ყოველთვის, რუსული პროპაგანდისტული მანქანა კარგად მუშაობს“.

როგორც გრეჰემმა განმარტა,  ზელენსკის უთხრა,  რომ უკრაინელებმა ამერიკული მიდგომა აირჩიეს: “იცხოვრე თავისუფლად ან მოკვდი”.

”ეს იყო შეერთებული შტატების კარგი ინვესტიცია, რომ დაეხმაროს უკრაინას რუსი ომის დამნაშავეებისგან განთავისუფლებაში. ბატონო მედვედევ, თუ გსურთ, რომ უკრაინაში რუსები აღარ იხოცებოდნენ, ჯარები გაიყვანეთ. შეაჩერეთ შემოჭრა. შეაჩერეთ ომის დანაშაულებები. სიმართლე ისაა, რომ თქვენ და პრეზიდენტ პუტინს არ გადარდებთ რუსი ჯარისკაცების ბედი”, – დასძინა გრეჰემმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები