„ლევილი – საქართველო საფრანგეთში. ქართული ქონების სამშობლოსთვის დაბრუნების ხანგრძლივი პროცესი“ – ტიერი ბერიშვილის ორენოვანი წიგნის წარდგენა გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ცისფერ დარბაზში გაიმართა ქართველი ემიგრანტის, ტიერი ბერიშვილის, ორენოვანი წიგნის – „ლევილი – საქართველო საფრანგეთში. ქართული ქონების სამშობლოსთვის დაბრუნების ხანგრძლივი პროცესი“ – პრეზენტაცია.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი გელა დუმბაძე, საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიება (რეჟისორი გოჩა კაპანაძე) გაიხსნა პირველი რესპუბლიკის ჰიმნით, რომელიც ოპერისა და ბალეტის კამერულმა ანსამბლმა „სულიკომ“ შეასრულა. კამერულმა ანსამბლმა ასევე შეასრულა რამდენიმე თემატური სიმღერა, ხოლო რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობმა მარინა კახიანმა წაიკითხა კოლაუ ნადირაძის ლექსი „25 თებერვალი“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ტიერი ბერიშვილის წიგნის გამოცემა დააფინანსა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ხოლო ქართული თარგმანი მოამზადა და გამოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
გამოცემის მთავარი რედაქტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი ზურაბ გაიპარაშვილი; წიგნი ფრანგულიდან ქართულად თარგმნეს ქეთევან ქუსიკაშვილმა და თამარ ხეტაშვილმა; გამოცემაზე მუშაობდნენ გიორგი ჯავახიშვილი, დიმიტრი სილაქაძე, ია მანიჟაშვილი და მარიამ ებრალძე.
წიგნის შექმნის იდეა ტიერი ბერიშვილს სახელოვანი მამის, მამია ბერიშვილის, სიცოცხლეშივე გაუჩნდა, მამის, რომლისგანაც გადმოეცა პასუხისმგებლობის გრძნობა საფრანგეთში არსებული ყველა მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული ფასეულობის მიმართ, რომლებიც სამშობლოსთან, საქართველოსთან იყო დაკავშირებული და პასუხისმგებლობა საფრანგეთის მიწის ამ პაწია ნაწილთან მიმართ, რომელსაც მიეძღვნა ეს წიგნი – თითქმის საკრალური, განსაკუთრებული ეროვნულ-ისტორიული ფასეულობა.
წიგნი ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ემიგრაციაში გამგზავრების შემდეგ საფრანგეთის დედაქალაქთან ახლოს სახელმწიფოს ფულით ნაყიდი პატარა მამულის, ლევილის ისტორიას, მისი შეძენიდან მოყოლებული, ვიდრე საქართველოს სახელმწიფოსთვის მისი გადმოცემის მნიშვნელოვან ფაქტამდე.
„ჯერ წიგნის ავტორის მშობლები, შემდეგ კი თავად ტიერი ბერიშვილიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ლევილის მამულის მოვლა-პატრონობასა და საქართველოსთვის მისი დაბრუნების პროცესში. მათ სამშობლოს წინაშე ვალი მოიხადეს, რადგან ბატონმა მამიამ უდიდესი ძალისხმევის ფასად და სხვების დახმარებით, შეძლო საქართველოსთვის დაებრუნებინა უდიდესი საუნჯე – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ემიგრაციაში წაღებული არქივი, მოევლო ლევილის მამულისა და ქართველთა სასაფლაოსთვის, ხოლო მისმა ვაჟმა, ტიერი ბერიშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის ისტორიულ საქმეში.
ინფორმაციისთვის: 2023 წელს სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფს (შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი) ახალი მუზეუმი შეემატა, რომელიც საფრანგეთში, საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი ლევილის მამულის ბაზაზე შეიქმნა და მას ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი ეწოდა. სწორედ ამ მუზეუმის მენეჯერის მოადგილედ დაინიშნა ტიერი ბერიშვილი.
ტიერი ბერიშვილი არის საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიულ-კულტურული ცენტრის – ლევილის ქართული აკადემიის მმართველი საბჭოს წევრი და მამია და ქრისტინე ბერიშვილების – ლევილში ქართული ემიგრაციის ღირსეული წარმომადგენლების შვილი. მან უერთგულა მშობლების გზას ლევილის მამულის შენარჩუნების საქმეში და მონაწილეობდა ყველა მოლაპარაკებაში, რომელთა საფუძველზეც 2016 წლის 23 სექტემბერს ხელი მოეწერა ლევილის შატოსა და მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს. გარდა ამისა, ტიერი ბერიშვილი არის ასოციაციის – „გაუმარჯოს საქართველოს“ (საფრანგეთი) პრეზიდენტი.
ემიგრაციული მთავრობისა და ლევილის მამულის არქივის საქართველოში დაბრუნება მამია ბერიშვილის სახელს უკავშირდება, საქმე კი ბოლომდე ტიერი ბერიშვილმა მიიყვანა, როდესაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს ემიგრანტული ქართული პრესისა და ლიტერატურის მდიდარი კოლექცია გადასცა.
ტიერი ბერიშვილი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ლევილის მამულში 2021 წლიდან წამოწყებულ და წარმატებით მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებში და მნიშვნელოვან წვლილი შეაქვს მამულის აღორძინებაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები