გივი მიქანაძე ლარნაკაში PACE-ს იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გივი მიქანაძე, ლარნაკაში PACE-ის იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს.
პარლამენტის ინფორმაციით, საკომიტეტო სხდომის პირველ დღეს მსჯელობა შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სახელმწიფოთაშორის დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ წარმოებული საქმეების გადაწყვეტილებების აღსრულება. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ახალი და ინოვაციური მიდგომების შემუშავება სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტიანობის და დროულობის უზრუნველსაყოფად. მან, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვე-კომიტეტის თავმჯდომარემ, დააყენა წინადადება სპეციალური სხდომის ნოემბერში გამართვის თაობაზე, შესაბამისი სამუშაო გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების შესახებ, რასაც კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა ლარნაკაში 22-23 მაისს იმართება.