„იმდენად მალე მინდა ვნახო შედეგი, სუნთქვაც კი მეკვრის ამ დროს“ – ოთხი შვილის დედა, რომელიც პოლიმერული თიხისგან ფერად თაიგულებს ქმნის

დაიბადა თბილისში, გურულია. ამბობს, რომ ძალიან უყვარს გურია და გურულები. დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი და მუშაობდა კიდეც. „ამჟამად ჩემი ყველაზე დიდი სამუშაო დედობაა, ვზრდი 4 შვილს, 18, 11, 9 და 5 წლის გოგონებს და ბიჭებს“.
უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს თიხაზე მუშაობა, რომლითაც  ბავშვობიდან იყო დაინტერესებული, დროის განმავლობაში გადავიდა პოლიმერულ თიხაზე. „ახლა ვრთავ და ვალამაზებ ჭურჭელს, ვქმნი გულსაბნევებს, თმის სამაგრებს, სუვენირებს და საახალწლო სათამაშოებს“. – ნათია ართილაყვას  პერსონა. 

– თბილისში დაიბადეთ. გიყვართ ხელოვნება, თიხა ბავშვობიდან გაინტერესებდათ…   ამბობთ, რომ გურულები ძალიან გიყვართ…
– გურიაში ყოველ ზაფხულს ვერ ვისვენებდი, მაგრამ ძალიან ტკბილად მახსოვს, როცა ჩავდიოდით, ვთევზაობდით მდინარე გუბაზოულზე და ვიჭერდით ღორჯო თევზებს. ულამაზესი ცა იყო ღამით, უსაზღვროდ კეთილი და მხიარული ხალხი ცხოვრობდა იქ.
– სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრეთ. მუშაობდით კიდეც ექიმად… რატომ მედიცინა?
– ზოგადად, ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანის საოცარი აგებულების შესახებ, მინდოდა მქონოდა გარკვეული ცოდნა, რომ ვინმეს დავხმარებოდი. დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი, კლინიკაშიც ვმუშაობდი, მაგრამ ექიმად – არა,  ჩემი ოჯახი უცებ გაიზარდა. ამიტომ ამ მხრივ განვითარებაზე უარის თქმა მომიწია,  გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპზე ასე ჯობდა.
–  დაოჯახდით და ოთხ შვილს ზრდით. ბუნებრივია, ხელნაკეთებისთვის სპეციალურად უნდა გამონახოთ დრო. როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს – თან ოჯახის საქმეს და თან თქვენს საყვარელ საქმეს?
– ოჯახს მართლაც ძალიან ბევრი დრო მიაქვს. მართალია, ვიღლები, მაგრამ ამაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს, ვუყურო, როგორ იზრდებიან ჩემი შვილები და ყალიბდებიან პიროვნებებად, როგორი დიდი სიყვარული გვაკავშირებს ერთმანეთთან.
დიდი ოჯახი – ერთადერთია, რაზედაც ვოცნებობდი და უდიდეს ენერგიას მაძლევს. რაც შეეხება ჩემს ჰობს, არის მომენტები, როდესაც განტვირთვა მინდა, ან უეცრად მომივა მუზა, რომ რაღაც უნდა გავაკეთო, შევარჩევ შედარებით ნაკლებად დატვირთულ დროს, ვჯდები და ვიწყებ მუშაობას, იმდენად მალე მინდა ვნახო შედეგი, ამ დროს სუნთქვაც კი მეკვრის.
– პოლიმერულ თიხაზე მუშაობთ,  ალამაზებთ ჭურჭელს, ქმნით გულსაბნევებს, თმის სამაგრებს, სუვენირებს და საახალწლო სათამაშოებს…
– თითოეული ნამუშევარი დიდი სიყვარულით შევქმენი. ყოველ ჯერზე ვცდილობ, უფრო დავხვეწო, მეტი სინაზე, მეტი ფერთა შეხამება და მეტი ბუნებრიობა შევძინო, ზოგჯერ ძილშიც კი მიფიქრია, რა ან როგორი უნდა ყოფილიყო, გამიღვიძია, დამილაგებია აზრები და შემდეგ გამიკეთებია.
– კესანები, იები, გვირილები, ვარდები, ზამბახები… ჭურჭელს ლამაზი დიზაინი გამოარჩევს… საინტერესო ამბავიც გექნებათ მოსაყოლი…
– ძალიან ემოციური, სახალისო და საინტერესო იყო მფრინავი სახლის შექმნა – თითქოს ნამდვილად ვაგებდი სახლს. სხვათა შორის, ჩემი შვილებიც იყვნენ ჩართულები,ბჭობდნენ ერთმანეთში, სად რა უნდა გამეკეთებინა… ნამდვილად სახალისო იყო.
– თავად რომელი ყვავილი გიყვართ?
–  იასამანი – ჩემი ყვავილია. კიდევ – გვირილები და მინდვრის ყვავილები.
– უკრაინის თემას მიუძღვენით ფინჯანი…
– ძალიან ემოციური იყო უკრაინის ომის დაწყება, განვიცდიდი და მტკიოდა ეს ყველაფერი. ახლაც ასეა.  ასეთი სახით გადავწყვიტე, ტკივილი, გვერდში დგომა და პროტესტი გამომეხატა, ასე მეგონა, ამას რომ გავაკეთებდი, ყველაფერი მოგვარდებოდა.
– ფინჯანი – „ფერადი თაიგული“, „იების თაიგული“… როგორ „იკვრება“ ეს თაიგულები?
– მუშაობისას ვითვალისწინებ, რომელი ყვავილი უყვარს დამკვეთს, ან თუ ჩემი იდეაა, რომელი, რა ფერის და ზომის ყვავილი მოუხდება ერთმანეთს თაიგულში. თუ სახეზე ვმუშაობ, ყოველთვის ვცდილობ, მეტყველი იყოს და რაიმე აზრს გადმოსცემდეს.
–  გამორჩეულია: თოვლის გუდები, აღდგომის სამახსოვრო სუვენირი.. როგორ უნდა მოახერხოს  ხელოვანმა, რომ თავისი ორიგინალური ხელწერა გამოარჩევდეს?
– ადამიანი ალბათ პრაქტიკაში ხვდები შენს ინდივიდუალიზმს, მაგრამ მაინც ყველას თავისი ინდივიდუალური ხელწერა აქვს. ერთსა და იმავე ნივთს სხვადასხვა ხელი სხვადასხვანაირად ქმნის.
– თქვენი საყვარელი ნამუშევარი…
– ძალიან მიყვარს გუდა – კეთილი და ბუნჩულაა – გრინჩი, ფერია გოგოები, საახალწლო ჭიქა. სიმართლე გითხრათ, რომ ვასრულებ ნაკეთობას, ყველა მიყვარს. თუ არ მომწონს, არ დავასრულებ, სანამ ისეთი არ გამოვა, როგორიც მინდა.
– ჰობი…
– სურათების გადაღება, დიდი ხანია ჩემი ჰობია, ასევე – თიხაზე მუშაობა, სხვადასხვა მასალისგან სუვენირების შექმნა, სეირნობა ჩემს შვილებთან და ჩვენი სრულფასოვანი ოჯახის წევრთან, ლოლასთან (ძაღლი) ერთად.
–  4 შვილს ზრდით. როგორ გიდგათ ოჯახი გვერდში? შვილებსაც ხომ არ აინტერესებთ თქვენი ხელოვნება?
– კი, ძალიან აინტერესებთ ბავშვებს, სულ მიყურებენ და  გაკვირვებულები მეკითხებიან, „დედა, ეს როგორ გააკეთე“? „რა ლამაზია“!,  „მასწავლე მეც, რა“… და ასე შემდეგ. ბავშვები, მოგეხსენებათ, ცელქები არიან და მეც მესმის მათი, სულ წყნარად ვერ ისხდებიან, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, მიდგანან გვერდში და მეხმარებიან.
– სამომავლო გეგმები…
– დიდი სურვილი მაქვს, მქონდეს დიდი სახლი და ვიცხოვროთ მე და ჩემი ოჯახის წევრებმა, ჩემმა  ფისოებმა და ცუგრიამ – ერთად და ბედნიერად. ეს ის სურვილია, რომელიც მუდამ გულსა და გონებაში მაქვს.
გეგმები? სულ მაქვს რაღაც პატარა იდეები, რომლებსაც აუცილებლად განვახორციელებ, ოღონდ – ცოტა მოგვიანებით.

                                                                                                               თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები